დავით ხოჭოლავა:”საჭიროა, რომ ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელოთ”

0
5

საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვებას და წარმატებული სერიის გაგრძელებას გეგმავს.

მან ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან განაცხადა.

დავით ხოჭოლავა: “განვლილი ორი შეხვედრა ძალიან კარგი იყო, დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ. ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩს ეხება, სადაც გულშემატკივრებთან ერთად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. მიმაჩნია, რომ ამ გარემოებამ შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, რადგან წლის ბოლო თამაშია და ამის შემდეგ ეროვნული გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელოთ”.