ლონდონის „ჩელსის“ თავკაცი თომას ტუხელი ოქტომბერში პრემიერ ლიგაში საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ამის შესახებ პრემიერ ლიგის პრესსამსახური იუწყება.
გასულ თვეში ლონდონურმა გუნდმა გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგო და სამჯერ გოლი არ გაუშვა.
ტუხელმა საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის ბრძოლაში თანამემამულე იურგენ კლოპს („ლივერპული“), შოტლანდიელ დევიდ მოიესს („ვესტ ჰემი“) და ფრანგ პატრიკ ვიეიერას („კრისტალ პალასი“) აჯობა.
ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი „ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი გახდა, რომელმაც 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
29 წლის ეგვიპტელმა გამოკითხვაში ბენ ჩილუელს („ჩელსი“), მაქსველ კორნიეს („ბარნლი“), ფილ ფოდენს („მანჩესტერ სიტი“), ვალენტინო ლივრამენტოს („საუთჰემპტონი“), არონ რამსდეილს („არსენალი“), დეკლან რაისს („ვესტ ჰემი“) და იური ტილემანს („ლესტერი“) აჯობა.
მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირში 15-ჯერ ითამაშა და 15 გოლის გატანის გარდა, 7 საგოლე პასი გააკეთა.
