ხვიჩა კვარაცხელია: “გამარჯვებით უფრო გახარებული ვარ, ვიდრე გატანილი გოლებით”

0
3

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც შვედეთთან (2:0) დუბლი შეასრულა, განაცხადა, რომ გატანილ გოლებზე მეტად გამარჯვებამ გაახარა.
ხვიჩა კვარაცხელია: “ყველას გილოცავთ გამარჯვებას. ნამდვილად გამორჩეული იყო ჩემთვის დღევანდელი თამაში. ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო, რადგან პირველად შევასრულე დუბლი როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო კარიერაში.
ამით ძალიან კმაყოფილი ვარ და პირველ ყოვლისა მიმაჩნია, რომ გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რადგან ასეთი მეტოქის, ასე დამარცხება არ არის იოლი და ამით უფრო გახარებული ვარ, ვიდრე გატანილი ორი გოლით.
უფრო დიდი მიზნები გვაქვს და უფრო მეტს ვიმსახურებთ. ეს გამარჯვება წინ წაგვწევს და ჩემი აზრით, შემდეგი შეხვედრებისთვის მეტი მოტივაცია გვექნება.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ 90 წუთის განმავლობაში ასე მაგრად გვეხმარებოდნენ. ვფიქრობთ, “დინამო არენაზეც” და აქაც კარგია თამაში.
თბილისში უფრო მეტი გულშემატკივარი ეტევა, მაგრამ ბათუმში უმაგრესი გულშემატკივრები არიან და ამის გამო პრაქტიკულად ვერ ვიგრძენით განსხვავება ტევადობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ქომაგი გყავს. ჩვენ 100%-ით დავიხარჯეთ. იმედია, სულ ასე იქნება და სულ გულშემატკივრების თანდასწრებით ვითამაშებთ”.