საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი გამარჯვებით დაასრულა – კვარაცხელიას დუბლი შვედეთთან

0
66

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო 2022 ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დიდი სენსაცია გამოაცხო და ლიდერ შვედეთს 2:0 სძლია.
განვლილი დაპირისპირება ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისად იქცა, რომელმაც მეტოქის კარი ორჯერ აიღო. ის ოთხი გოლით განვლილ შესარჩევში საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ქართველებმა B ჯგუფში 7 ქულით მე-3 ადგილი დაიკავეს – 2 თამაში მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში ზედიზედ ორი მატჩი მეორედ მოიგო. პირველად ეს ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო 2002 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა – თბილისში 2001 წლის 1 სექტემბერს უნგრეთს 3:1 სძლია, ხოლო 5 სექტემბერს ლიტვას 2:0 აჯობა.
მატჩის დაწყებამდე ეროვნული გუდნიდან გიორგი ნავალოვსკი გააცილეს, რომელიც სიგელით ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენმა ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა. ნავალოვსკის საერთაშორისო სარბიელზე ქვეყნის ღირსება 41-ჯერ დაიცვა.


გარდა ამისა, ჯაბა კანკავამ ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩის გამო უეფასგან სპეციალური ჯილდო მიიღო, რომელიც მას ასევე იაშვილმა გადასცა. სხვათა შორის, ნაკრების კაპიტანი დღევანდელ თამაშში სასტარტოში ვერ მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ბათუმის ახალ არენაზე გულშემატკივრების თანდასწრებით პირველი შეხვედრა ჩაატარა. თუმცა, კოვიდრეგულაციიდან გამომდინარე ქომაგები შეზღუდული რაოდენობით დაუშვეს.


საქართველოს ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო შვედეთთან შეხვედრაში ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე ვერ დაეხმარნენ, რომლებიც კოსოვოსთან სტუმრად მოგებულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.
დაცვის ცენტრში გურამ კაშია და დავით ხოჭოლავა დაწყვილდნენ, მარჯვენა ფლანგს ოთარ კაკაბაძე აკონტროლებდა, ხოლო მარცხენას – ირაკლი აზაროვი.
ნახევარდაცვის ცენტრში ნიკა კვეკვესკირი და ვაკო გვილია მოქმედებდნენ, მარჯვენა ფრთაზე საბა ლობჟანიძე ირჯებოდა, მარცხენაზე კი – ხვიჩა კვარაცხელია. მარჯვენა გარემარბი გიორგი წიტაიშვილი იყო. ვილი სანიოლმა გამოკვეთილ თავდამსხმელმად თორნიკე ოქრიაშვილი დააყენა.
შვედეთი საქართველოში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა. გუნდს ზლატან იბრაჰიმოვიჩიც დაემატა, რომელსაც სკანდინავიელებში მარტის თვის შემდეგ არ უთამაშია.
სხვათა შორის, სანიოლის დისკვალიფიკაციი გამო, მასპინძლები მოედანზე სათამაშოდ მისმა ასისტენტმა ზურა ხიზანიშვილმა გაიყვანა.
მე-14 წუთზე კაკაბაძემ უკან პასი ლორიას მისცა, მაგრამ ბურთი ქართველების საჯარიმოში მყოფ იბრაჰიმოვიჩს ჩააბარა, რომელმაც გადაცემა არ დაუგვიანა ფორსბერგს, ამ უკანასკნელის დარტყმული ლორიამ მოიგერია, ხოლო ისაკის დამატების შემდეგ აზაროვმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
ტაიმის შუაწელში ისაკმა მასპინძლების კარის წინ მდგომი იბრაჰიმოვიჩი მოძებნა, რომლის თავური სუსტი აღმოჩნდა და ლორიამ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
ამას მასპინძლების რამდენიმესვლიანი კომბინაცია მოჰყვა, რომელის გვილიამ სკანდინავიელების საჯარიმოს ხაზიდან არაზუსტი დარტყმით დაასრულა.
27-ე წუთზე კრაფტმა მარჯვნიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და იბრაჰიმოვიჩმა საჰაერო ორთაბრძოლაში კაკაბაძეს აჯობა, ხოლო მისი თავურის მერე ლორიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
სტანდარტულის შესრულების შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა ისევ თავით დაარტყა და კვლავ ლორიამ იყოჩაღა, რის შემდეგ ორჯერ მასპინძლების კარს ლინდელოფი დაემუქრა, მაგრამ ორჯერვე ბურთს გვილია გადაეფარა.
31-ე წუთზე, ლინდელოფმა ისაკი პირისპირ დატოვა ლორიასთან და შვედი ფორვარდის დარტყმული ბურთი საქართველოს ნაკრების მეკარემ „გააქვავა“.
39-ე წუთზე, მოედანის ცენტრიდან კვეკვესკირის საუცხოო გადაცემის მერე, აზაროვმა შვედების საჯარიმოში კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც შორეულ ძელთან პასი გაუკეთა ლობჟანიძეს და მასპინძლების გარემარბს მახვილი კუთხიდან ზუსტად რომ დაერტყა, ანგარიში გაიხსნებოდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფორსბერგმა შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ლორიამ ბურთი ხელებში მეორე ცდაზე დააფიქსირა.
57-ე წუთზე ფორსბერგმა კარგი პასი მისცა ქართველების საჯარიმოში იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც მკერდით ბურთი კლაისონს დაუგდო და შვედმა ფორვარდმა ახლო მანძილიდან ვარდნაში ცუდად დაარტყა.
71-ე წუთზე, ოქრიაშვილმა „ჯარიმის“ შესრულების დროს ბურთი სტუმრების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა ხოჭოლავამ მოიგო და ამის შემდეგ აზაროვმა დარტყმა ორჯერ სცადა, თუმცა ბურთი კვარაცხელიას მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.
76-ე წუთზე, კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს მისადგომებიდან შორეულ კუთხეში დაარტყა – ოლსენმა ნახტომში შვედები გოლის გაშვებისგან იხსნა.

ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს გოლის გატანა კიდევ შეეძლო, როდესაც ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ კაშიამ თავით დაარტყა და მოწინააღმდეგი მცველმა ბურთი კარიდან „გამოიტანა“.
78-ე წუთზე, კვარაცხელია მეტოქის ნახევარზე სამ მცველს გასცდა და ოლსენთან პირისპირ გასულმა საქართველოს ნაკრებში თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
მატჩის მიწურულს სტადიონზე გულშემატკივარი შემოიჭრა, რომელსაც იბრაჰიმოვიჩთან ჩახუტება უნდოდა, მაგრამ შვედმა ხელით მოიშორა. ზლატანის თქმით ასე კორონავირუსის პანდემიის გამო მოიქცა.


საქართველოს ნაკრები 2021 წელს 15 ნოემბერს გორში უზბეკეთთან უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩით დაასრულებს.

საქართველო – შვედეთი 2:0 (0:0)
11 ნოემბერი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, აზაროვი, კვეკვესკირი (აბურჯანია, 90), გვილია, ლობჟანიძე (ჩაბრაძე, 81), ოქრიაშვილი (ვოლკოვი, 70), კვარაცხელია (ყაზაიშვილი, 81), წიტაიშვილი (დავითაშვილი, 70).
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: ზურა ხიზანიშვილი
შვედეთი: ოლსენი, კრაფტი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, კლაესონი (74, კულუსევსკი), ფორსბერგი, ნილსონი, სვანბერგი (კუაისონი, 78), ოლსონი, ისაკი (კარლსონი, 87), იბრაჰიმოვიჩი.
მთავარი მწვრთნელი: იანე ანდერსონი
გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 2:0 კვარაცხელია (78)
გაფრთხილება: ოქრიაშვილი (52), აზაროვი (55), ნილსონი (65), კაშია (90+2)
მთავარი მსაჯი: სერდარ გეზიბიუქი (ნიდერლანდები)

 

ლაშა თაბაგარი