ვილი სანიოლი: “იბრაჰიმოვიჩი ფეხბურთელია, რომელმაც გვსურს, რომ კარიერა არასდროს დაასრულოს”

0
12

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთთან, ხოლო 15 ნოემბერს გორში უზბეკეთთან სპარინგის წინ პრესკონფერენცია სასტუმრო “შერატონში” გამართა.

ვილი სანიოლი: ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურ რეჟიმში ვიმსჯელოთ სხვდასხვა ფეხბურთელების შესახებ. ფეხბურთი, რომ მხოლოდ სიის შედგენა იყოს, მაშინ მწვრთნელი საჭირო აღარ იქნებოდა. ვცდილობ, რომ ყოველთვის სამართლიანი ვიყო და სწორი გადაწყვეტილება მივიღო. არსებობს ფიფას წესები, რომელიც სანაკრებო სიის დასახელების ვადებს განსაზღვრავს.

ქვილითაიამ ორი გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც სანაკრებო სია უკვე შედგენილი იყო, თუმცა ბედნიერი ვარ მისი ამ შედეგით. აღნიშნულ მატჩამდე, ქვილითაიას ცხრა მატჩში ერთი გოლი ჰქონდა გატანილი. ვიმედოვნებ, რომ ეს გოლები მას თავდაჯერებულობას შემატებს, განაგრძობს ასე თამაშს და ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება.

ნიკა კაჭარავა პირველად გამოვიძახე, რადგან აქამდე იგი ტრავმირებული იყო, თუმცა მე ნანახი მაქვს მისი მატჩები ტრავმის მიღებამდე, მან ეროვნულ გუნდთან ერთად რამდენიმე საინტერესო შეხვედრა ჩაატარა. აქედან გამომდინარე, იგი იმსახურებს შანსს, რომ დაამტკიცოს რა შეუძლია.

ამხანაგური მატჩისთვის მეტოქეს მოძიების პროცესში, ჩვენ და ფედერაცია ერთად ვმუშაობთ და ასე ვარჩევთ სასურველ ნაკრებს.

ვფიქრობ, რომ კონკრეტული სიტუაციის გაანალიზებისას უკეთესია ვიმსჯელოთ ფაქტებით და არა შეგრძნებებით. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტოპ კლუბებში არ თამაშობენ, ამაზე ადრეც მითქვამს და არ მსურს იგივე გავიმეორო. ეს ფაქტია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში რამდენიმე ფეხბურთელი შეძლებს დიდ კლუბში ითამაშოს. ასეთ შემთხვევაში, მსგავსი დონის გუნდები ქართველ ფეხბურთელებს კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევენ. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ და იმედია მოთამაშეთა გარკვეული ნაწილი შეძლებს მაღალი დონის ჩემპიონატებში მოხვედრას. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ამბიციური მიზნები დავისახოთ. დღეს კი, ჩვენი მიზანია, რომ მებრძოლი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც 100 პროცენტით დაიხარჯება, როგორც ეს კოსოვოს წინააღმდეგ გავაკეთეთ.

სანაკრებო სიის შედგენისას ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო, მაგალითად ფეხბურთელების სათამაშო ფორმა, მეტოქე გუნდი და ასე შემდეგ. ხანდახან კი გიწევს, გამოიძახო ფეხბურთელი იმიტომ, რომ მისი კონკურენტები სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკრებში ვერ ჩამოდიან. ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. მაგალითად, სექტემბრის მატჩებისთვის ჩვენ გიორგი ფანცულაია გამოვიძახეთ იმიტომ, რომ ბევრ შემტევ ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა. სამწუხაროდ, საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე ფანცულაიამაც დაზიანება მიიღო. ვიმედოვნებ, რომ ის გააგრძელებს კარგად ასპარეზობას და ჩვენ საშუალება მოგვეცემა მას კიდევ ერთხელ მივცეთ შანსი.

კოსოვოს წინააღდეგ კვეკვესკირისა და გვილიას თამაშით კმაყოფილი დავრჩი. ისინი ტექნიკური მოთამაშეები არიან და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. ეს განსაკუთრებით მეორე გოლის ეპიზოდში გამოჩნდა, როდესაც კვეკვესკირის გადაცემით აზაროვი ჩასაწოდებლად სასურველ პოზიციაში აღმოჩნდა. ცენტრალურ ნახევარდაცვაში კვეკვესკირი, გვილიას და აბურჯანიას მსგავსი მოთამაშეები საშუალებას გვაძლევენ, რომ თამაში უფრო მეტად ვაკონტროლოთ.

ვერ ვიტყვი შვედეთის წინაღმდეგ მოვიგებთ თუ წავაგებთ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ მსურს ისევე ვითამაშოთ, როგორც ეს კოსოვოში გავაკეთეთ. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რითაც წარმატების მიღწევა შეგვიძლია.

რაც შეეხება ოთარ კაკაბაძესა და საბა ლობჟანიძეს, ახლა ვერ ვიტყვი, როგორ გამოვიყენებ მათ. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ კაკაბაძემ კოსოვოს წინააღმდეგ ახალ პოზიციაზე ითამაშა და ეს მაღალ დონეზე გააკეთა. იმიტომ, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჭკვიანურად და გულით თამაშობს, ასეთი მოთამაშით უკმაყოფილო ვერ იქნები. იგივეს თქმა შემიძლია ლობჟანიძეზეც, მან ახალ პოზიციაზე კარგად ითამაშა, თუმცა ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლია. შესაძლოა გარკვეულ დაცვით ფუნქციებში მას ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ამ პოზიციაზე პირველად ითამაშა. იმის შანსი, რომ კაკაბაძემ და ლობჟანიძემ იგივე პოზიციებზე ითამაშონ საკმაოდ დიდია. ასევე მინდა აღვნიშნო გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც კოსოვოს წინააღმდეგ ასევე კარგი მატჩი ჩაატარა.

სამწუხაროა, რომ მის შესახებ ცოტას ვსაუბრობთ და ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ის ნაკრებთან ერთად არაა. ვგულისხმობ თორნიკე ოქრიაშვილს, რომელმაც კოსოვოს წინააღმდეგ უფრო ცენტრიდან ითამაშა ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა და იგი უბრალოდ შესანიშნავი იყო. ის ძალიან ბევრს ცდილობდა და ამავე დროს პატივი სცა იმ ტაქტიკას, რომელიც აღნიშნული მატჩისთვის შევიმუშავეთ. კოსოვოში წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ყველა ფეხბურთელმა გუნდურად ითამაშა.

დისციპლინაზე საუბარი საკმაოდ ხშირად გვიწევს და მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ დროს მე სათამაშო დისციპლინას ვგულისხმობ. კვლავ კოსოვოში გამართულ შეხვედრას დავუბრუნდები, შესაძლოა ეს არ იყო იდეალური მატჩი, მაგრამ მოედანზე მყოფმა ყველა ფეხბურთელმა საკუთარი დავალება შეასრულა და ამან დადებით შედეგამდე მიგვიყვანა.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის გრძელვადიანი პროექტი არ არსებობს, ეს უფრო მოთამაშეებისა და ფედერაციის პრეროგატივაა. მას შემდეგ რაც, მარტში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, მოკლე პერიოდში სამი შეხვედრა გავმართეთ. შემდეგ იყო ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი და ახლა ნოემბერი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ოთხჯერ, მაქსიმუმ ხუთჯერ შევხვდით. ასევე მე ვცდილობ, რომ დავეხმარო ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რადგან ისინი ამ ნაკრების მომავალი არიან. საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ახალ თაობაში საკმაოდ ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა.

შვედეთი იბრაჰიმოვიჩთან ერთად? რა თქმა უნდა, შვედეთის ნაკრები განსხვავებულია იბრაჰიმოვიჩთან ერთად და მის გარეშე. გვინდა, რომ იბრაჰიმოვიჩმა ითამაშოს, ის არის ფეხბურთელი, რომელმაც გვსურს, რომ კარიერა არასდროს დაასრულოს. ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც კარგია ასეთ მოთამაშესთან თამაში, ასე ისინი უფრო იზრდებიან, უფრო მეტს სწავლობენ. იბრამ ჩვენს წინააღმდეგ შვედეთშიც ითამაშა და მაშინ დაცვაში ძალიან კარგად ვიმოქმედეთ. იმედი მაქვს, რომ მომავალ მატჩშიც ასე ვითამაშებთ“.