მეოთხე ტური “კაკტუსის” და “ოლიმპის” მოგებებით დასრულდა

0
8

სუპერლიგის მეოთხე ტურის ბოლოსწინა მატჩში “დინამო” “კაკტუსს” დაუპირისპირდა. “რუსთავთან” ერთად “კაკტუსი” იმ ორ გუნდს შორის იყო, რომლებსაც მიმდინარე ჩემპიონატში გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა ნავსის გატეხა მოახერხა. “კაკტუსმა” “დინამოს” წინააღმდეგ დამაჯერებლად ითამაშა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა – 99:79.
რევაზ როგავამ განსაკუთრებულად შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ეროვნული ნაკრების კანდიდატი, რომელმაც წინა სეზონი რუმინეთის უმაღლეს ლიგაში გაატარა, ამ სეზონის წინ სამშობლოში დაბრუნდა და კაკტუსს შეუერთდა. დღევანდელ მატჩში მის ანგარიშზე 27 მოხსნა, 11 პასი, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაგროვდა.

როგავას და ამერიკელი ლეგიონერის, ჯორდან ფორბსის შედეგიანობით კაკტუსელებს მთელი თამაშის განმავლობაში არ გასჭირვებიათ. პირველი პერიოდის შემდეგ ჟღენტის გუნდი 20:12 იგებდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში დინამოელები გააქტიურდნენ, თუმცა მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ბოლო პერიოდში ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება იყო. შეხვედრა ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა. კაკტუსელები სტაბილურად იცავდნენ თავს და კიდევ უფრო შედეგიანად ირჯებოდნენ შეტევაში. საბოლოოდ 20-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა და ორივე გუნდს ცხრილში 3 წაგების წილ ერთი გამარჯვება მოუგროვდათ.
როგავას კვალზე კაკტუსში 22 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ჯორდან ფორბსს. 11-11 ქულა ქუენტერიან მაკონიკომ და ანდრე ფოქსმა მიითვალეს. “დინამოში” შედეგიანი თამაში ჰქონდა ბენჟამინ ქოლეჯმა, რომელმაც 37 ქულა მოაგროვა. 13 ქულა ანზორ ნადირაძის, ხოლო 10-10 ქულა- მოხსნა რაჰსან ჯონსონის ანგარიშზე დაგროვდა.

ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს მიმდინარე სეზონის ორი ამბიციური გუნდი – “ოლიმპი” და “ცხუმ-აფხაზეთი” შეხვდნენ. 2 მოგებითა და 1 მარცხით “ოლიმპი” ცხრილის შუაში იყო, ცხუმელებს კი 2-დან 2 გამარჯვება ჰქონდათ და წარმატების შემთხვევაში ლიდერთა შორის ადგილს მყარად დაიმკვიდრებდნენ. საკმაოდ საინტერესო, დაძაბული პირველი ნახევრის მიუხედავად ბრძოლა არ შედგა. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა უძლავრესი მესამე პერიოდი ითამაშეს, რომელიც 20 ქულით მოიგეს და თამაშის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს – 75:58 .
არადა, ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” პირველი ტაიმი საკმაოდ დამაჯერებლად – 34:27 მოიგო. დიდი შესვენება ოლიმპელებმა საკმაოდ კარგად გამოიყენეს და გასახდელში დაგეგმილს ხორცი მოედანზე შეასხეს. მესამე პერიოდი და “ოლიმპის” შტურმი ერთდროულად დაიწყო. სწრაფი შეტევებითა შორი სროლებით როგავას გუნდმა ლიდერობა მყისვე მოიპოვა და ათწუთეულის დასრულებამდე მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვა. აღნიშნული მეოთხედი “ოლიმპმა” 34:14 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 13 ქულით ლიდერობდა.
“ცხუმ-აფხაზეთისთვის”იმდენად დამთრგუნველი იყო მეტოქის ასეთი თამაში, რომ დარჩენილ დროში მათ ვერაფერი ვეღარ შეცვალეს. საბოლოოდ “ოლიმპი” დამაჯერებლად მივიდა სასურველ შედეგამდე და 4 ტურის შემდეგ 3 მოგებით სუპერლიგის ლიდერებში გაერია. გამარჯვებულთაგან დავით ლომიძე გამოირჩა, რომელმაც 6 ცდიდან ყველა სამქულიანი ჩააგდო. ჯამში მის ანგარიშზე 24 ქულა დაგროვდა, ლუკა კალატოზიშვილმა 19 მოაგროვა, ილია ლონდარიძემ კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. “ცხუმ-აფხაზეთში” 14 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი შარაბიძე, ლევან მასხულიას ანგარიშზე კი 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-5 ტურის მატჩები 13 და 14 ნოემბერს, თბილისში გაიმართება.