ვოლკოვის პირველი ჰეთ-თრიქი – ქართველი აზერბაიჯანში ბომბარდირობს

0
3

დავით ვოლკოვმა „ზირეს“ მაისურით აზერბაიაჯანის პრემიერ ლიგაში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„ზირე“ მე-10 ტურში „საბაჰს“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 3:3. მე-5 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ქართველმა ფორვარდმა მცველს დაასწრო და თავით გაიტანა – 1:1.

მე-60 წუთზე, „ზირემ“ მასპინძლების საჯარიმოში კარგი კომბინაცია გაითამაშა და ვოლკოვმა ცარიელ კარში გაიტანა – 2:3.

81-ე წუთზე, „ზირემ“ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა სტუმარმა ფეხბურთელმა მოიგო, ხოლო ვოლკოვმა შემოტრიალებით ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 3:3.

26 წლის ფორვარდი „ზირეში“ მესამე სეზონს ატარებს და წელს უკვე 8 გოლი გაიტანა, იმდენი რაც გასულ სეზონში მთლიანად. ის აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

„ზირეს“ 16 ქულა აქვს და 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.