სუპერთასის შემდეგ “ქუთაისმა” “რუსთავი” სუპერლიგაშიც დაამარცხა

0
5

საკალათბურთო სუპერლიგის 1 მატჩი გაიმართა რუსთავში, სადაც მოქმედ ჩემპიონთან სათამაშოდ “ქუთაისი 2010” ჩავიდა. ეს გუნდები ერთმანეთს 17 ოქტომბერს, სუპერლიგის პირველი ტურის დღეს გამართულ საქართველოს სუპერთასის მატჩში შეხვდნენ და მაშინ ქუთაისელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. ასე იყო ახლაც. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა მოქმედი ჩემპიონი მისსავე ქალაქში 90:69 დაამარცხეს.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბრძოლა არ შედგა. იმერულმა კლუბმა თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა (პირველი პერიოდი 22:8 მოიგო), შეხვედრის ბოლომდე მეტოქისთვის შანსი არ მიუცია. მეორე ათწუთეული სტუმრებმა 26:19 მოიგეს და დიდ შესვენებაზე უკვე 21 ქულით იგებდნენ. საბოლოოთაც ამ სხვაობით იმარჯვეს ქუთაისელებმა, რომლებმაც მხოლოდ მესამე პერიოდი (14:20) დათმეს მასპინძლებთან.
გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ჯარვის რეი. გიორგი კორსანტიამ 18 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების წევრმა კორსანტიამ უბადლოდ ესროლა საშუალო მანძილებიდან: 10-დან 9 ბურთი ჩააგდო, თუმცა ხუთივე სამქულიანი ააცილა. ადრიან ბოუის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. “რუსთავში” 15 ქულით ბომბარდირი გახდა კრისტიან კილინგი, მიხელ ჭოჭუამ და ვახტანგ გაფრინდაშვილმა შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს.
“რუსთავი” მორიგ მატჩს 5 ნოემბერს, კვლავ საკუთარ დარბაზში, სუპერლიგის ლიდერ თსუ-სთან გამართავს.

გუნდი მ/წ
1. თსუ 3/0 6
2. ოლიმპი 2/1 5
3. მეგა 2/1 5
4. ვერა 1/2 4
5. დინამო 1/2 4
6. ბათუმი 1/2 4
7. ქუთაისი 2/0 4
8. ცხუმ-აფხაზეთი 2/0 4
9. ტიტები 1/2 4
10. კაკტუსი 0/3 3
11. რუსთავი 0/2 2