„მილანმა“ იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში გასვლაზე „რომა“ 2:1 დაამარცხა.
მატჩის გმირი მილანელთა 40 წლის შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღმოჩნდა, რომელმაც 25-ე წუთზე ანგარიში საჯარიმო დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო 57-ე წუთზე პენალტი „გამოიმუშავა“ და კესიემ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ელ შაარავიმ ერთი ბურთი გაქვითა.
იბრაჰიმოვიჩმა კარიერის მანძილზე შიდა ჩემპიონატებში მე-400 გოლი გაიტანა. მან პირველად მეტოქის კარი „მალმიოს“ მაისურით შვედეთის ჩემპიონატში აიღო.
ზლატანმა იტალიაში 150 გოლი მიითვალა – „მილანში“ თავი 70-ჯერ გამოიჩინა, „ინტერში“ – 57-ჯერ, ხოლო „იუვენტუსში“ – 23-ჯერ. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს 5 შეხვედრაში 3 ბურთი შეაგდო.
„რომას“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ თავის სამწვრთნელო კარიერაში იტალიის ჩემპიონატში პირველი საშინაო შეხვედრა წააგო. მანამდე, მის ანგარიშზე ზედიზედ 43 წაუგებელი შეხვედრა იყო.
2008-2010 წლებში მოურინიოს გაწვრთნილი „ინტერი“ თავის მოედანზე 38 თამაშში არ დამარცხდა, ხოლო მიმდინარე სეზონში რომაელებმა „სტადიო ოლიმპიკოზე“ „მილანთან“ შეხვედრამდე 5 თამაში ჩაატარეს და 4 მოიგეს, ხოლო 1 ფრედ დაასრულეს.
სხვათა შორის, 1994-1995 წლების სეზონისდან, როდესაც იტალიაში გუნდი გამარჯვებისთვის 3 ქულას გამოიმუშავებს, მოურინიოს ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია აქვს.