„ლოკომოტივმა“ სიხარულიძისა და დიასამიძის დუბლით მოიგო

0
2

მატჩის 22-ე წუთზე, ულად-ომარ იმრანმა ძალიან ზუსტი პასით სტუმართა საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძე მოძებნა, რომელმაც საჰაერო ორთაბრძოლაში სამტრედიელთა მცველს აჯობა და თავით ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0.

39-ე წუთზე, დავით სამურკასოვი თავის ნახევარზე პასს პარტნიორს უკეთებდა, მაგრამ ბურთი სერბმა სტრაჰინია პავიშიჩმა ჩაჭრა, რომელმაც გვერდი ადამა ვადის აუარა და საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:1.

56-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გიორგი არაბიძემ კუთხური ჩააწოდა და მცველმა გიორგი გადრანმა თავურით სტუმრები დააწინაურა – 1:2.

70-ე წუთზე სამურკასოვის მიერ მარჯვენა მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი სამტრედიელთა მეკარე ბექა ქურდაძემ ცუდად მოიგერია და მეტოქის კართან ახლოს მდგომმა სიხარულიძემ ანგარიში უპრობლემოდ გაათანაბრა – 2:2.

72-ე წუთზე, გიორგი იაკობიძემ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასით სამტრედიელთა კარის წინ მყოფი გეგა დიასამიძე მოძებნა, რომელმაც ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.

ამ ეპიზოდიდან 7 წუთში მარცხენა ფლანგიდან ბექა დარცმელიას გადაცემის შემდეგ, დიასამიძის დარტყმული ბურთი ქურდაძემ მოიგერია, მაგრამ „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა გამეორებით ზუსტად დაარტყა და თბილისურ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი დუბლი მიითვალა.

„ლოკომოტივი“ 50 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 20 ქულით ბოლოა.

32-ე ტურის მეორე სათამაშო დღე წყალტუბოში გაიხსნა, სადაც სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ გიორგი შაშიაშვილის ქობულეთის „შუქურას“ უგოლოდ გაეყარა.

„სამგურალი“ 37 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო „შუქურა“ 27 ქულით – მეცხრე.