კანკავას და კაშიას ზედიზედ მე-5 გამარჯვება, ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო დაისვენა

0
3

ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია გამოდიან, სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.

მე-13 ტურსი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ტრენჩინს“ შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა. სტუმრებმა გამარჯვების გოლი ძირითადი დროოის ამოწურვამდე 8 წუთით ადრე გაიტანეს.

„სლოვანის“ შემადგენლობაში ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა და კანკავამ 89-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ბრატისლაველები 32 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერობენ.

ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ შინ გათამაშების ლიდერ „უნიონთან“ 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი განაცხადში არ იყო, რადგან მირე ტრავმა აქვს.

„გენტი“ 17 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.

„ლუვენი“ „ანდერლეხტს“ ესტუმრა და ქულა აიღო – 2:2. საქართველოს ნაკრების გარემარბი თადარიგშიც არ იყო, ხოლო მისი გუნდი 14 ქულით მე-14 პოზიციაზეა.