ბათუმელებმა ტურის ცენტრალური შეხება უპრობლემოდ მოიგეს

0
6

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტური ბათუმში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ თბილისის „საბურთალო“ მიიღო და სამი ქულა დამაჯერებლად აიღო.

გია გეგუჩაძის გუნდი უპირატესობას ორი ტაიმი ფლობდა, რაც ანგარიშში აისახა.

მე-13 წუთზე „საბურთალოს“ მცველმა რომან ჩაჩუამ თავის საჯარიმოში ხელი გიორგი ფანცულაიას ჰკრა და წააქცია, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა.

39-ე წუთზე, მამუჩაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას მამუკა კობახიძემ აჯობა და თავით გაიტანა.

57-ე წუთზე, კუთხური ჯოვინო ფლამარიონმა და მამუჩაშვილმა გაითამაშეს, ხოლო ამ უკანასკნელის ჩაწოდების შემდეგ, კობახიძემ თავის პროფესიონალურ კარიერაში პირველი დუბლი მიითვალა.

87-ე წუთზე, ფლამარიონის პასის მერე თორნიკე გაფრინდაშვილმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან ერთი შეხებით დაარტყა და მეკარე ოთო გოშაძის არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა.

ბათუმელები 67 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერობენ, ხოლო ხვიჩა შუბითიძის „საბურთალო“ 50 ქულით მეოთხეა.