“დილამ” ქუთაისში დამაჯერებლად მოიგო

0
1

გორის “დილამ” კრისტალნეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და კონფერენს ლიგის საგზურისკებნ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

32-ე წუთზე უკრაინელი ანდრე დემჩენკოს გაწვრთნილები ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოს” შეხვდნენ და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. “ტორპედოს” თავკაცმა კახა ჩხეტიანმა 25-ე წუთზე იძულებითი შეცვლა გააკეთა, რადგან ნახევარმცველი ირაკლი ძარია მეტოქესთან ორთაბრძოლაში დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიტანეს. სხვათა შორის, ძარიამ თავის კარიერაში საქართველოს ჩემპიონატში “დილასთან” მე-300 მატჩი ჩაატარა.

მეორე ტაიმი გორელთა უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოოდ ანგარიშში აისახა. თავდაპირველად ანგარიშის გახსნის შანსი სტუმართა გვინეელ ლეგიონერ უსმანე კამარას ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

55-ე წუთზე, ირაკლი ბიძინაშვილი მეტოქის საჯარიმოში გადაცემას მალაველ ფრანცისკო მადინგას მიმართულებით აკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ ბურთი გუნდის კაპიტან ნიკა გაგნიძეს მიუვიდა, რომელმაც მარცხენა ფეხით უძლიერესად “ცხრიანში” გაიტანა – 0:1.

ცოტა ხანში, კამარას თავისი გუნდის კიდევ უფრო დაწინაურების შანსი ჰქონდა, თუმცა, მისი დარტყმის მერე ბურთი ხარიხას მოხვდა.

ამას, მალე გორელთა კიდევ ერთი შეტევა მოჰყვა და კამარას პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ღუდუშაურს შოვნაძემ აუღო.

ძარიას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა მათე ცინცაძემ 71-ე წუთზე მთავარ მსაჯ ჯენერი ხორავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მეორე ყვითელ ბარათად და გაძევებად დაუჯდა.

77-ე წუთზე, “დილას” შეტევა ბიძინაშვილმა დაიწყო და კამარამ გააგრძელა, რომელმაც ერთი შეხებით მადინგა შოვნაძეს შეატოვა, ხოლო აფრიკელმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 0:2.

ამის შემდეგ გორელთა კენიელ მცველ ამოს ნონდისა და მასპინძლების ფორვარდ ლევან მჭედლიძეს შორის შელაპარაკება მოჰყვა – “ტორპედოს” ფეხბურთელმა მეტოქეს ხელი ჰკრა, რის გამო “გააყვითლეს”. ასევე, ხორავამ ნონდიც გააფრთხილა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ლევან თავყელიშვილის პასის შემდეგ ბიძინაშვილი ორ მცველს გაექცა და შოვნაძესთან პირისპირ გასულმა საბოლოო წერტილი დასვა – 0:3.

მიმდინარე სეზონში “დილამ” “ტორპედო” პირველად დაამარცხა და 56 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა. “ტორპედო” 30 ქულით მერვეა.