თსუ სუპერლიგას წაუგებლად ლიდერობს

0
6

სუპერლიგას გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული მე-3 ტურის მატჩში “ვერა” 98:67 დაამარცხა და ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს. უნივერსიტეტელებმა სამიდან სამივე შეხვედრა მოიგეს – “დინამოსა” და “ოლიმპის” კვალზე “ვერასაც” საკმაოდ დამაჯერებლად სძლიეს და ცხრილში ერთპიროვნულად გაპირველდნენ.
თსუ-ს, რომელიც აქამდე ცენტრის გარეშე თამაშობდა, “ვერასთან” სენეგალელი ლეგიონერი დაემატა. პაპ დიოპს საკმაოდ კარგი დებიუტი გამოუვიდა. აფროამერიკელმა ცენტრმა 16 ქულა, 14 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა, რაც მთლიანობაში მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ. დიოპს ფარქვეშ კარგად ეხმარებოდა ივანე მეგენეიშვილი და მაიზერ რევაზაშვილი – ეს კალათბურთელები როტაციით თამაშობდნენ და თსუ-ს სამწამიანში არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ “ბერა” ტრავმირებული ცენტრის, ვახტანგ ქადარიას გარეშე თამაშობდა და შესაბამისად, ფარქვეშ თსუ-ს დომინაცია აშკარა იყო.
ვერელებს წარმატების მისაღწევად პერიმეტრის იმედი დარჩათ, თუმცა საამისოდ თსუ კარგად მომზადებული აღმოჩნდა. უნივერსიტეტელებმა აქცენტი მეტოქის უკანახაზელების განეიტრალებაზე აიღეს, რაც მათი პერიმეტრზე მაქსიმალურ შეზღუდვაში გამოიხატა და შედეგმაც არ დააყოვნა. ვერა ვერ ხეირობდა შორი სროლებით, შესაბამისად, მდევრის როლში იყო და თამაში ისე ჩამთავრდა, მაქსიმუმი, რაც მოახერხა, ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება იყო.
საბოლოოდ თსუ-მ 21 ქულით, დამაჯერებლად მოიგო და როგორც აღვნიშნეთ, სუპერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. გამარჯვებულთაგან საუკეთესო პაპ დიოპის კვალზე 20-20 ქულით ნიკოლოზ დარბაიძე და ლოველ ქანილი გამოირჩნენ. 11 ქულა რაილ ოუენსმა, ხოლო 9-9 – ივა მეგენეიშვილმა და მაიზერ რევაზაშვილმა მიითვალეს. “ვერაში” 17 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ცირიკიძე. 12 ქულა მოაგროვა ობრი მაკალპინმა.