დავითაშვილი და ბერიაშვილი რუსეთის თასის 1/8-ფინალში ითამაშებენ

0
24

ტულას „არსენალმა“, სადაც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, რუსეთის თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში სტუმრად პენალტების სერიაში მეორე ლიგის მოსკოვის „ველესი“ დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო ტულელებმა პენალტებში 4:3 მოიგეს. დავითაშვილს 11-მეტრიანი არ შეუსრულებია.

თასის შემდეგ ეტაპზე ვერ გააღწია ლუკა გაგნიძის ეკატერინბურგის „ურალმა“, რომელმაც სტუმრად „კამაზთან“ 0:1 წააგო. 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

1/8-ფინალში ითამაშებს ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც გიორგი ბერიაშვილი გამოდის. ვოლგოგრადელებმა შინ გროზნოს „ახმატს“ 2:1 სძლიეს, ხოლო ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მოედანზე 2 ტაიმი დაჰყო.

ამ სეზონში რუსეთის თასი ახალი ფორმატით ტარდება. გუნდემა ჯერ სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს, ხოლო შემდეგ 11 ჯგუფში გადანაწილდნენ – თითოეულში 3-3. ჯგუფში გუნდებმა ერთმანეთში თითო მატჩი ჩაატარეს და გამარჯვებულები 1.8-ფინალში გავიდნენ.

აქვე გეტყვით, რომ წელს ევროთასებზე მოასპარეზე „ზენიტი“, მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვის „ლოკომოტივი“, ყაზანის „რუბინი“ და „სოჭი“ გათამაშებაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვებიან.