“ბათუმმა” ამ სეზონში პირველი თამაში “რუსთავთან” მოიგო

0
2

სუპერლიგის მე-3 ტური დღეს ბათუმში გაიხსნა. აჭარულმა კლუბმა “რუსთავს” უმასპინძლა და ეს მატჩი ქვემოქართლელებისთვის მიმდინარე სუპერლიგაში პირველი იყო. მოქმედმა ჩემპიონმა 17 ოქტომბერს “ქუთაისთან” სუპერთასი წააგო და სუპერლიგის მომდევნო ტურში ისვენებდა. ბათუმელებმა კი უკვე 2 წაგების დაგროვება მოასწრეს – ბუბა ბერიშვილის გუნდმა თბილისში “ვერასთან” წააგო, გასულ ტურში კი შინ “დინამოსთან” შეხვედრა ოვერტაიმში დათმო.

შესაბამისად, ორივე გუნდისთვის გამარჯვებას სოლიდური მნიშვნელობა ჰქონდა. ზღვისპირელებმა ნავსი გატეხეს და სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმეს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა მასპინძლებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ახალდაწყებულ სუპერლიგაში სადებიუტო შეხვედრა დიდი სხვაობით – 77:96 (სტატისტიკა) დათმეს.

ბათუმელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს. შესაბამისად, რუსთაველებს გამარჯვების რეალური შანსი არ მისცემიათ. მასპინძლები მეტოქეს ფარქვეშაც ჯობნიდნენ და უკანა ხაზშიც. აჭარული გუნდის უპირატესობა მთელი შეხვედრის განმავლობაში თვალსაჩინო იყო.

გამარჯვებულებს 25 ქულით ამერიკელმა ლეგიონერმა, აიზია ტრეილორმა ულიდერა. 19 ქულა და 12 მოხსნა ბექა ბექაურმა მოაგროვა, 23 ქულით კი საბა ლობჯანიძე გამოირჩა. რუსთაველთაგან 24 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ისმაელ ჰოლისი, 16 ქულა და 7 პასი რიკი პრაისმა მიითვალა.