„რაიო ვალეკანომ“ 19 წლის შემდეგ „ბარსელონას“ მოუგო, კატალონიელებმა ანტირეკორდი გაიმეორეს

0
18

„ბარსელონამ“ მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა და „ელ კლასიკოში“ მარცხის შემდეგ, ამჯერად ესპანეთის ლა ლიგაში წელს დაბრუნებულ „რაიო ვალეკანოსთან“ წააგო.

მადრიდელებმა რონალდუ კუმანის გუნდს უმასპინძლეს და 30-ე წუთზე კოლუმბიელი თავდამსხმელის რადამელ ფალკაოს მიერ გატანილი გოლით გაიმარჯვეს, იმ ეპიზოდში ფალკაომ მეტოქის საჯარიმოში ცრუ მოძრაობით პიკე ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

35 წლის კოლუმბიელმა ამ სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი მიითვალა. მან კარიერის მანძილზე „ბარსასთან“ ჩატარებულ 5 შეხვედრაში კატალონიელები 4-ჯერ დაამწუხრა. მანამდე, სამხრეთ ამერიკელმა ბარსელონელები 4-ჯერ მადრიდის „ატლეტიკოს“ მაისურით დაამწუხრა.

72-ე წუთზე სტუმრებს საპასუხო ბურთის გატანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ ნიდერლანდელი მემფის დეპაის დარტყმული პენალტის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიელმა დმიტრიევსკიმ ბურთი მოიგერია.

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში ბოლო 10 პენალტიდან 5 ვერ გამოიყენა. ამასთანავე, ბოლო 10 შეხვედრიდან გოლი 5-ში ვერ გაიტანა.

„რაიო ვალეკანომ“ 2002 წლის შემდეგ პირველად „ბარსელონა“ დაამარცხა.

კატალონიელებმა ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 4 შეხვედრიდან 3 წააგეს.

1987 წლის შემდეგ პირველად, „ბარსამ“ სტუმრად 3 თამაში ისე წააგო, რომ გოლი ვერ გაიტანა. მაშინ, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდა  ტერი ვენეიბლზი დაითხოვეს და ლუის არაგონესი დანიშნეს.

გარდა ამისა, „ბარსელონამ“ 2003 წლის შემდეგ პირველად ზედიზედ 3 შეხვედრაში მოწინააღმდეგის კარი ვერ დალაშქრა.

„ბარსელონა“ 15 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა, „რაიო ვალეკანო“ 19 ქულით – მეოთხეა.