„მილანმა“ იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში „ტორინო“ მიიღო და მე-14 წუთზე ფრანგი ფორვარდის ოლივიე ჟირუს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.
მიმდინარე სეზონში „როსონერიმ“ 10 მატჩიდან 9 მოიგო და მხოლოდ „იუვენტუსთან“ ითამაშა ფრე – „ტორინოსთან“ გამარჯვება ზედიზედ მეექვსე იყო.
ამრიგად, „მილანმა“ 1954-1955 წლების სეზონის რეკორდი გაიმეორა, როდესაც ბელა გუტმანის ხელმძღვანელობით სეზონი ანალოგიური შედეგით დაიწყო და საბოლოოდ ოქროს მედლები მოიგო. სხვათა შორის, მაშინ სეზონის მსვლელობისას გუტმანი დაითხოვეს.
სტეფანო პიოლის გაწვრთნილი გუნდი სერია A-ში მიმდინარე წლის 26 აპრილის შემდეგ არ დამარცხებულა. ბოლოს „მილანმა“ რომის „ლაციოსთან“ წააგო – 0:3. მას მერე გუნდმა 13 თამაში მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
მომდევნო ტურში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, „მილანი“ სტუმრად ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ „რომას“ შეხვდება.
