ქეცბაიას გუნდის ზედიზედ მეორე მარცხი და გულშემატკივრების ობსტრუქცია

0
1

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

მე-7 ტურში ფამაგუსტელებმა ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლეს და 1:2 წააგო. სტუმრები 38-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო 50-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანეს. მასპინძლებმა ერთადერთი ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანეს.

„ანორთოსისის“ სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. მან 65-ე წუთზე გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი ხელიდან გაუშვა, როდესაც ძალიან ახლო მანძილიდან ბურთი მეტოქის მცველს ორჯერ ვერ ააცილა, არადა სტუმართა მეკარე გამოსვლაზე შეცდა და თავისი კუთვნილი ადგილი არ ეკავა.

ნახევარმცველი ნიკა ნინუა განაცხადში მოხვდა, მაგრამ ისევ არ უთამაშია.

თამაშის შემდეგ სტადიონზე მოსულმა გულშემატკივრებმა ქეცბაიას უსტვინეს, ხოლო მან პრეკოსნფერენციაზე ქომაგები და ჟურნალისტები გააკრიტიკა. მისი თქმით, გუნდს გაჭირვების პერიოდში გვერდით დგომა უნდა. ქეცბაიამ ხაზი გაუშვა, რომ გუნდიდან მხოლოდ ტიტულის მოგების შემდეგ წავა.

„ანორთოსისი“ 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.