ცუცქირიძის ბონუს-ლელო პრო დე2-ში, ჯინჭარაძის დებიუტი ტოპ 14-ში

0
4

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი ცუცქირიძემ მეორე ლელო გაიტანა.

გასულ ტურში, ისე, როგორც ზოგადად მიმდინარე სეზონში, ქართველი ლეგიონერები მოედნებზე მრავლად გავიდნენ. ტოპ 14-ის მე-8 ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და აქედან ერთი ვახტანგ ჯინჭარაძე დებიუტანტი იყო.

ტოპ 14

ტოპ 14-ის მე-8 ტურში ‘პო’ ‘კლერმონს’ ეწვია და ვერაფერს გახდა – 20:42. ბექა გორგაძე სტუმართა ძირითადში იყო და სრულად ითამაშა.

ორი „ქართული გუნდის“ დაპირისპირებაში ‘ბიარიცმა’ ‘ბრივი’ მიიღო და ბონუსით, 37:9 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ თორნიკე ჯალაღონია და ლუკა აზარიაშვილი – ისინი ერთდროულად, 56-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ნუცუბიძე კი შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა.

‘ბრივის’ ძირითადში იყვნენ ვანო კარკაძე (64-ე წუთზე შეცვალეს), ლუკა ჯაფარიძე (52-ე წუთზე შეცვალეს) და ვასილ ლობჟანიძე (48-ე წუთზე შეცვალეს), ჯაფარიძემ მე-16 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, თედო აბჟანდაძე კი შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა.

‘ბორდომ’ ‘პერპინიანი’ მიიღო და ბონუსით, 39:13 სძლია. გამარჯვებაში წვლილი ლექსო ყაულაშვილსაც მიუძღვის, რომელიც შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა და მას შემდეგ მასპინძლებმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს. სტუმართა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც შესვენების შემდეგ ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა. ეს ჯინჭარაძისთვის სადებიუტო მატჩი იყო ტოპ 14-ში.

‘სტად ფრანსემ’ ‘ლიონს’ პარიზში 23:18 აჯობა. მასპინძლებმა თამაში ქართველი ბურჯებით დაიწყეს და ვასილ კაკოვინი 57-ე, ხოლო გიორგი მელიქიძე 67-ე წუთზე შეცვალეს. ‘ლიონის’ რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ნინიაშვილმა.

‘რასინგ 92’-მა ‘მონპელიე’ მიიღო და 21:32 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 49 წუთი ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდნენ გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი. აქედან სამ წუთში პარიზელების მოლი საჯარიმო ლელოთი დასრულდა.

‘კასტრი’ ლიდერ ‘ტულუზს’ ეწვია და უშანსოდ, 0:41 დამარცხდა. სტუმართა შორის შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ.

‘ტულონმა’ მეხუთე მარცხი განიცადა და ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა. ‘ლა როშელმა’ სტუმარი ბონუსით, 39:6 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ. ბურჯმა ბექა გიგაშვილმა თამაში ‘ტულონის’ ძირითადში, კვაჭის პოზიციაზე დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, 5 წუთში კი თამაშში დაბრუნდა.

პრო დე2

ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ, პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში მეექვსე თამაში ჩაატარა და მეორე ლელო გაიტანა. მისი ‘ორიაკი’ ‘აჟენს’ ეწვია და 21:25 დამარცხდა. ცუცქირიძემ შეუცვლელად ითამაშა და ლელო, რომლითაც მისმა გუნდმა ნუგეშის ქულა მიიღო, 76-ე წუთზე გაიტანა. სტუმართა შორის შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა ლუკა ნიორაძე. მასპინძელთა ძირითადში იყო მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი და ის 50-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

ულელოო მატჩში ‘მონტობანმა’ ‘მონ-დე-მარსანი’ 21:18 დაამარცხა. მირიან ბურდულმა გამარჯვებულთა შორის პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა, ლაშა მაჭარაშვილი კი სტუმართა რიგებში 64-ე წუთიდან გამოჩნდა.

გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით ‘ბეზიემ’ ‘კოლომიე’ 16:15 დაამარცხა. ‘ბეზიეს’ მარქაფაში იყო და შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ.

‘ბაიონმა’ ‘პროვანსს’ ბონუსით, 47:19 მოუგო და სატურნირო ცხრილს 29 ქულით, ‘მონ-დე-მარსანთან’ ერთად ლიდერობს. ბასკთა შორის შეცვლაზე უკვე მე-2 წუთზე შევიდა კოტე მიქაუტაძე, მე-14 წუთზე მოედანი დატოვა და 46-ეზე თამაშში დაბრუნდა. შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა ლუკა ჭელიძე და 5 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.

ბექა კაკაბაძის ‘ოიონა’ ‘რუანს’ ეწვია და 16:25 დამარცხდა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე მე-60-ე წუთზე შევიდა.

ვაჟა კაპანაძის ‘ბურგ-ან-ბრესმა’ დაძაბულ ბრძოლაში ‘ნარბონს’ 36:33 მოუგო. ქართველი ბურჯი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.

ფრედ 21:21 დასრულდა ‘ნევერისა’ და ‘გრენობლის’ შეხვედრა. მოედანზე ერთბაშად სამი ქართველი ბურჯი გავიდა. ‘ნევერის’ ძირითადში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს თორნიკე მატარაძე. ‘გრენობლმა’ 57 წუთი ათამაშა ზურაბ ჟვანია, ხოლო ილია კაიკაციშვილი 62-ე წუთზე შეცვალა.