სეზონის პირველი “ელ კლასიკო” “რეალმა” მოიგო

0
4

მადრიდის “რეალმა” მიმდინარე სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მოიგო.

ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი “რეალი” “ნოუ კამპს” ესტუმრა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.

პირველი სახიფათო მომენტი 21-ე წუთზე “რეალის” ფორვარდ ვინისუს ჟუნიორს ჰქონდა, რომელმაც ვერ გაიტანა.

ოთხ წუთში “ბარსელონას” შეტევის დროს დესტს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ კარის ახლოდან ბურთი ზედა ძელს გადააცილა.

32-ე წუთზე დავიდ ალაბამ სტუმართა კონტრშეტევა დაიწყო და როდრიგოს პასის შემდეგ “ბარსელონას” საჯარიმოში შესულმა ავსტრიელმა მარცხენა ფეხით ძალიან ლამაძი გოლი გაიტანა – 0:1.

ის 21-ე საუკუნეში “რეალის” მე-5 ფეხბურთელია, რომელმაც თავის სადებიუტო “ელ კლასიკოში” თავი გამოიჩინა. საბოლოოდ, ალაბა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

შესვენების შემდეგ ლუკა მოდრიჩმა საუცხოო პასით მასპინძლების საჯარიმოში ქარიმ ბენზემა მოძებნა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად არცთუ ხეირიანად დაარტყა და ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

74-ე წუთზე, “ბარსელონას” რიგებში სერხიო აგუერო გამოჩნდა, რომელმაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

აქვე გეტყვით, რომ გავი 21-ე საუკუნეში “ბარსელონას” შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც “ელ კლასიკოში” ითამაშა.

მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ლუკას ვასკესმა სტუმრების კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც ასენსიოს დარტყმით დასრულდა, ხოლო ტერ შტეგენის მოგერიებული ბურთი ვასკესმა კარში გადაგზავნა – 0:2.

მატჩის ბოლო წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დესტმა ზუსტი პასით მოამარაგა “რეალის” საჯარიმოში აგუერო, რომელმაც კატალონიელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა – 1:2.

1965 წლის მერე პირველი შემთხვევაა, როდესაც “რეალმა” “ბარსელონა”ზედიზედ 4-ჯერ დაამარცხა. გარდა ამისა, მადრიდელებმა კატალონიელებს “კამპ ნოუზე” მიჯრით მეორედ სძლია.

“ბარსას” თავკაცმა რონალდ კუმანმა მწვრთნელის რანგში “რეალთან” სამივე თამაში წააგო.

მომდევნო “ელ კლასიკო” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2022 წლის 20 მარტს ჩატარდება.

“რეალი” 17 ქულით 20-გუნდიან ლა ლიგაში მე-4 ადგილზეა, ხოლო “ბარსელონა” 15 ქულით – მერვეა.