„მანჩესტერი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულთან“ დაეცა – სალაჰის ჰეთ-თრიქი და რეკორდი

0
2

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ არსებობის ისტორიაში შინ „ლივერპულთან“ ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.

ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა იურგენ კლოპის გუნდისგან 5 უპასუხო ბურთი გაუშვეს.

დღევანდელ მატჩამდე ბოლოს „ლივერპულმა“ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში „მანჩესტერს“ 5:0 1925 წელს მოუგო.

მანჩესტერელების რბევა მე-5 წუთზე ნაბი კეიტამ დაიწყო. მე-13 წუთზე სტუმრების კარი დიოგო ჟოტამ აიღო. ამის შემდეგ, მოჰამედ სალაჰის დრო დადგა, რომელმაც „იუნაიტედი“ 38-ე, პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეხუთე და 50-ე წუთებზე დაამწუხრა.

მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 12 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან პრემიერ ლიგაში 106 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. სალაჰმა “ჩელსის” ექსფორვარდ კოტ დივუარელ დიდიე დროგბას 2 ბურთით გაასწრო.

მანჩესტერელთა ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ პრემიერ ლიგის ბოლო 4 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და მისმა გუნდმა მხოლოდ ქულა აიღო.

აღსანიშნავია, რომ მე-60 წუთზე მსაჯმა შეცვლაზე შესულ პოლ პოგბას უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.

მატჩის შემდეგ, კლოპმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა და სახლში მიმავალ გზაზე გამარჯვებას ლუდით აღნიშნავენ.

სოლსკიაერმა ხაზი გაუსვა, რომ „მანჩესტერში“ მოღვაწეობის პერიოდში ყველაზე ცუდი დღე ჰქონდა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.