ფუტსალის ლიგის მეორე ტური – პსპ გალიდერდა

0
5

ფუტსალის მთავარ ლიგაში ასეთი შედეგი პირველად დაფიქსირდა – 10:0. რეკორდი, რომლის ავტორიც პსპ-ეა, ახალი სეზონის მეორე ტურის სასტარტო დღეს დაფიქსირდა.

მეორე ტურის სტარტზე ორი მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში გასული სეზონის ჩემპიონი კსუ, ვიცე-ჩემპიონ თსუ-ს დაუპირისპირდა. გასული სეზონიდან მოყოლებული, ამ გუნდების ჭიდილი, ყველაზე დაძაბული სტუდენტური დერბი გახლდათ და როგორც ჩანს, ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდება.

ამჯერად მეტოქეებმა ორი განსხვავებული ტაიმი შემოგვთავაზეს, პირველ ნახევარში კსუ-მ უკეთ ითამაშა, შესვენების შემდეგ კი მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა. კავკასიელებმა თამაშის სტარტზევე პრესინგს მიმართეს. მათ იერშებში ეპიზოდურად, მეკარე ჯინჭარაძეც ერთვებოდა. თუმცა, ტაიმის ნახევარზე მეტი უგოლოდ მიილია. მე-12 წუთზე კსუ-ს მესამე მცდელობა გოლით დასრულდა – გიორგი სიგუნავამ ანგარიში გახსნა. ორ წუთში კი ეფექტური გოლი ვიხილეთ. კავკასიელთა მორიგი შეტევისას, მანგოშვილის შორეულ დარტყმისას, საბა ტყეშელაშვილმა ბურთი ქუსლით კარში შეაგორა, 2:0. კიდევ ორი წუთი გავიდა და გიორგი ჭოხონელიძემ კსუ-ს უპირატესობა სოლიდური გახადა – 3:0.

მეორე ტაიმის სტარტზე, კსუ-ს მორიგ შეტევაში მეკარე ჭინჭარაძეც მონაწილეობდა. მისი დარტყმული მეკარე დავით კეფაშვილმა მოიგერია და შორეული დარტყმით ბურთი მოწინააღმდეგის ცარიელ კარში გადაგზავნა. ბექა ბექაური გოლისგან გუნდის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ ბურთს ვერ მიწვდა და თსუ-მ ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 3:1. სწრაფმა გოლმა თსუ-ელებს მოტივაცია შემატა. მათ უფრო აქტიურად შეუტიეს და კსუ-ს მეკარე ჯინჭარაძესაც საქმე მოემატა, მაგრამ კიპერმა კავკასიელთა შეტევებში მანაწილეობა კვლავაც გააგრძელა.

ჯინჭარაძემ ორჯერ იხსნა კარი, მაგრამ 28-ე წუთზე ვანო ბექაურის დარტყმისას უძლური აღმოჩნდა – 3:2. დარჩენილი დრო ორმხრივ შეტევებში მიილია. თსუ-მ მატჩის გადარჩენისთვის ბოლომდე იბრძოლა. მათი მეკარეც ჩაერთო იერიშებში, კავკასიელებმა ეს გამოიყენეს და თამაშის დასრულებამდე 3 წამით ადრე, ვანო ბექაურმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.

როგორც ზემოთ ავნიშნეთ, პსპ-მ ლიგის დებიუტანტი ქუთაისური მართვე რეკორდული ანგარიშით – 10:0 დაამარცხა. ფარმაცევტებმა თავიდანვე პრესინგით მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა, რაც მალე ანგარიშშიც ასახეს. ლევან სვანიძის ჰეტ-თრიკით, პსპ 3 წუთში, უკვე 3:0-ს იგებდა. ამას მიხეილ თევზაძემ დუბლი შეაშველა, რასაც გიგა მამულაშვილის, თეიმურაზ ექიზაშვილისა და მირიან მირგატიას თითო გოლი მოჰყვა და პსპ-მ პირველი ტაიმი 8:0 მოიგ0. მეორე ნახევარში ნიკოლოზ კურტანიძე ორი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

დღეისათვის სატურნირო ცხრილს, რეკორდის ავტორი პსპ ლიდერობს. ასევე 6 ქულა აქვს კსუ-ს, თსუ კი 3 ქულით მესამეა. დანარჩენი 5 გუნდი ჯერჯერობით უქულოდაა… თუმცა, მხოლოდ ჯერჯერობით, რადგან ხვალ მეორე ტური ორი მატჩით გაგრძელდება – ბათუმური ბსსა არმიას დაუპირისპირდება, ილიაუნი კი თელასი-ჯორჯიანსს ეთამაშება. ამას გარდა, პირველი ტურის ერთი თამაშიც წინაა, რომელშიც თელასი ბსსა-ს შეეჭიდება.