სტივ ბრიუსი „ნიუკასლიდან“ გაუშვეს

0
5

სტივ ბრიუსმა ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. 60 წლის ინგლისელი სპეციალისტი გუნდს 2019 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა.

„ნიუკასლის“ თავკაცის მოვალეობას დროებით გრემ ჯონსი შეასრულებს.

ცოტა ხნის წინ, „ნიუკასლის“ აქციების 80 პროცენტი საუდის არაბეთის მთავრობის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა (PIF – Public Investment Fund) მაიკ ეშლისგან 300 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ფონდია, რომელიც ფორმალურადაა კერძო, რადგან მისი პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანია.

ინგლისური მედიის ინფორმაციით. კლუბის ახალი მეპატრონეები ბრიუსის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ. მათ შორისაა ბელგიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი, „რომას“ ექსთავკაცი პაულუ ფონსეკა, „რეინჯერსის“ დამრიგებელი სტივენ ჯერარდი, „ვილიარეალის“ მწვრთნელი უნაი ემერი და რალფ რანგნიკი, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივში“ სპორტისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელია.