რონალდუმ კასილასის რეკორდი დაამხო, პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაში 38-ე გუნდს გაუტანა

0
7

კრიშტიანუ რონალდუმ ევროთასებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით იკერ კასილასის რეკორდი გააუმჯობესა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი 0:2 წააგო, საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა.

გადამწყვეტი გოლი სწორედ რონალდუმ გაიტანა, რომელმაც ევროთასებზე 187-ე შეხვედრა გამართა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ესპანელ მეკარეს აჯობა.

პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაში 183-ჯერ ითამაშა, ხოლო 2-2 შეხვედრა უეფას თასზე და ევროპის სუპერთასზე ჩაატარა.

გარდა ამისა, „ატალანტა“ 38-ე გუნდი აღმოჩნდა, რომელსაც რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში გოლი გაუტანა, რაც ასევე რეკორდია.

კრიშტიანუმ კარიერაში მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში 300 შეხვედრაში იასპარეზა და 124 გოლი გაიტანა.

მან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში თავი 137 გოლს მოუყარა, რაც რეკორდია.

რონალდუმ “მანჩესტერში” დაბრუნების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის სამივე მატჩში გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 12 თამაშში 12 გოლი შეაგდო.

“მანჩესტერ იუნაიტედი” 6 ქულით F ჯგუფში პირველ ადგილზეა.