„თელავმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო, აუტსაიდერების დაპირისპირება ფრედ დასრულდა

0
14

„თელავმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

30-ე ტურში გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით წყალტუბოს „სამგურლს“ სძლია.

მატჩში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა და იქ შექმნილ არეულობაში ირაკლი რუხაძემ ახლო მანძილიდან გაიტანა.

მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და „თელავის“ წაუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გაიზარდა.

„თელავი“ 35 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ მიჯრით 2 შეხვედრა წააგო, ხოლო მანამდე ოთხჯერ ფრე ითამაშა და 36 ქულით მეექვსეა.

გათამაშების აუტსაიდერმა „სამტრედიამ“ ასევე ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ ქობულეთის „შუქურას“ შეხვდა და ისევ ვერ მოიგო – 1:1.

შეხვედრის 23-ე წუთზე, მათე კვირკვია სტუმართა საჯარიმოში ერთ მეტოქეს გაცდა და ზუსტი პასი ხორვატ ნიკოლა პრელჩეცს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.

33-ე წუთზე, მასპინძლებმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგეს და აუტის ჩაწოდების შემდეგ ჯეფერსონ ჯერალდომ მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა „სამტრედიას“ საჯარიმოში გააკეთა, სადაც ზურაბ მუსელიანმა ყველას დაასწრო და ახლო მანძილიდან საპასუხო ბურთი გაიტანა.

„სამტრედია“ 17 ქულით ბოლო, „შუქურა“ კი 26 ქულით მეცხრეა.