„საბურთალომ“ ქუთაისიდან ქულა წამოიღო

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „საბურთალო“ სტუმრად ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, ქულა მაინც აიღო.

„ტორპედო“ 50-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან მათე ცინცაძემ მეტოქის საჯარიმოში პასი თორნიკე ახვლედიანის მისამართით გააკეთა, რომელმაც კარიდან გამოსულ ოთო გოშაძეს დაასწრო და თავით გაიტანა.

„საბურთალომ“ ანგარიში 70-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც მარჯვენა ფლანგზე კუთხურის გათამაშების შემდეგ, ნიკოლოზ მალიმ კარგი გადაცემით ქუთაისელთა კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილი დაჩი ცნობილაძე მოძებნა და ამ უკანასკნელმა თავით გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის ფრედ მესამე მატჩი დასრულდა, ხოლო ერთი შეხვედრა საბურთალომ მოიგო.

„საბურთალომ“ 51 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა. „ტორპედო“ 28 ქულით მერვეა და ლიგაში დარჩენას ლამობს.