სუპერლიგა თსუ-ს გამარჯვებით დაიწყო

0
21

სუპერლიგის გათამაშება დაიწყო. საქართველოს XXX, საიუბილეო ეროვნულ ჩემპიონატში 11 გუნდი სეზონის უმთავრესი, საჩემპიონო ტიტულისთვის იბრძოლებს. დღეს, 17 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პირველი ტურის 1 მატჩი გაიმართა. სუპერლიგის გახსნის შეხვედრაში ერთმანეთს გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი “დინამო” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს დარჩათ, რომლებიც გვარიანი დანაკლისით თამაშობდნენ.
თსუ-ს ძირითადი გამთამაშებელი, ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ცინცაძე ტრავმის გამო გამოაკლდათ. ცინცაძემ დუდუ დადიანის ტურნირზე ჯვარედინი მყესები დაიზიანა და საოპერაციოა. მის არყოფნაში თსუ-ს სამწვრთნელო შტაბს, რომლის შემადგენლობაშიც ლაფანაშვილთან ერთად დიმიტრი ჭელიძე და ნუგზარ ჭეიშვილიც შედიან, გუნდის სრულიად ახალ რელსებზე გადაწყობა მოუწევთ, რადგან ერთია თამაში, რომელსაც გიორგი ცინცაძე დირიჟორობს და მეორე, როცა ბურთს სხვა ათამაშებს.
რაც შეეხება “დინამოს”, გუნდმა აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა და შემადგენლობაში ძირითადად 18-20 წლის ბიჭები ჰყავს. საქართველოს ყველაზე სახელიანმა გუნდმა გაუშვა უცხოელი სპეციალისტი მუჰამედ ტაჩი და ჯერჯერობით განაცხადში მხოლოდ 2 ლეგიონერი ჰყავს, რომელთაგან დღეს არც ერთს უთამაშია. ერთი, რაჰსან უილიამსი ჩამოსულიც არაა, მეორეს კი გათავისუფლების ფურცელი არ მიუღია.
რაც შეეხება მატჩს, თსუ-მ საბოლოოდ 10 ქულით მოიგო, თუმცა თამაშის განმავლობაში 16-18 ქულით ლიდერობდა. უნივერსიტეტელებს გაუმართლათ ამერიკელმა ლეგიონერმა, ლოველ ქაბილმა, რომელსაც ტრავმირებული ცინცაძის არყოფნაში მეტი სამოქმედო არეალი გამოუთავისუფლდა და შეტევაშიც მეტი გაქანება მიეცა. ქაბილმა საბოლოოდ 34 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა და თსუ-ელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
შესანიშნავი სტატისტიკა მოაგროვა ეროვნული ნაკრების წევრმა, მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც 28 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. რაც შეეხებათ დინამოელებს, ჟოლივეტ ტუჯანის გუნდში 25 ქულით საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი. 20 ქულით და 7 მოხსნით ანზორ ნადირაძე გამოირჩა.
სუპერლიგის პირველი ტურის 3 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 ოქტომბერს გაიმართება.
დინამო – თსუ 87:97