კანკავამ და კაშიამ მატჩი ვერ დაასრულეს

0
2

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ტრნავის „სპარტაკისა“ და ბრატისლავას „სლოვანისა“ მატჩი ჩაიშალა.

შეხვედრის მე-15 წუთზე ტრნაველი ფანები იმ სექტორისკენ გაემართნენ, სადაც „სლოვანის“ გულშემატკივრები ისხდნენ. მათ საპასუხოდ მოედანზე ბრატისლაველი ქომაგებიც შეიჭრნენ და ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

მანამდე, ორივე გუნდის მხარდამჭერებმა მოედანზე პეტარდები ისროლეს და არც დიქტორის მოწოდებას დაემორჩილნენ, რომ ასე არ მოქცეულიყვნენ.

საბოლოოდ, თამაში შეწყდა და სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაცია მომხდართან დაკავშირებით თავის ვერდიქტს გამოიტანს.

აქვე გეტყვით, რომ „სლოვანის“ სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია იყვნენ.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ „სლოვანს“ 23 ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო „სპარტაკი“ ამდენივე ქულით მეორეა.