ევრო 2022-ზე საქართველოს ფუტსალისტთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

0
16

ქეენიდერლანდებში ფუტსალის 2022 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ევროპის 15 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა. დარჩენილი ერთი ადგილისთვის კი, საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ერთმანეთს სერბეთი და ბელარუსი დაუპირისპირდებიან. აღნიშნული წყვილის გამარჯვებული A ჯგუფში პორტუგალიასა და ნიდერლანდებთან ერთად იასპარეზებს.

წილისყრის პროცედურა და სპეციალური ღონისძიება ქალაქ ზეისტში მდებარე ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში შედგა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში ითამაშებს. ფუტსალის ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. D ჯგუფის მატჩები ქალაქ გრონინგენში ჩატარდება.

ნიდერლანდებში გამართული წილისყრა ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა შეაფასა:

ავთანდილ ასათიანი: “პირველ ყოვლისა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მოთამაშეებს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვიმყოფებით.

იმის ილუზია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მარტივ ჯგუფში მოვხვდებოდით არავის გვქონია, რადგან ასეთი დონის ტურნირზე სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს.

ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატი და კონკრეტულად ეს ჯგუფი ჩვენთვის საინტერესო გამოწვევა იქნება. იმიტომ, რომ ფუტსალის ელიტაში თავის დამკვიდრების შანსი გვეძლევა.”

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

22 იანვარი | გრონინგენი
საქართველო – აზერბაიჯანი

26 იანვარი | გრონინგენი
ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

29 იანვარი | გრონინგენი
საქართველო – ესპანეთი

მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფებში საუკეთესო შედეგის მქონდე ორ-ორი გუნდი მოიპოვებს. აღნიშნულ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯამში რვა ნაკრები მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრას ქალაქ ზეისტში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, ფუტსალის ნაკრების მენეჯერი დავით დათუნაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.

ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ამსტერდამსა და გრონინგენში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.