“შავი ლომის” წარმატებული დებიუტი “თელავივ ჰითთან”

0
18

პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა ‘შავმა ლომმა’, პირველ, ისტორიულ მატჩში ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ 33:10 დაამარცხა.

რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩში, ‘შავმა ლომმა’ უმეტესად სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი ლეგიონერებით დაკომპლექტებულ მეტოქეს, რომელიც ასევე პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა, ერთის პასუხად ოთხი ლელო გაუტანა და ბონუს ქულაც დამსახურებულად აიღო.

ქართული ფრენჩაიზის პორველი ქულები სოსო მათიაშვილმა ჯარიმით აიღო, აკაკი ტაბუცაძემ პირველი ლელო გაიტანა და მოგვიანებით ჰეთ თრიკი გაიფორმა, ერთი ლელო კი შალვა მამუკაშვილის ანგარიშზეა. მათიაშვილმა ჯარიმის გარდა ერთი გარდასახვაც გაიტანა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა შეასრულა.

‘შავი ლომი’ მრავალფეროვნად უტევდა, უპირატესობას ფლობდა შერკინებასა და მოლში, განსაკუთრებით კარგი იყო დაცვაში და კონტაქტის არეში. მეტოქე ჩვენს ჩათვლის მოედანს პრაქტიკულად არ დამუქრებია და ის ერთი საჯარიმო ლელოც სოსო მათიაშვილის უიღბლობით გაიტანეს.

„ავჭალაზე“ თამაშში ბურთი სტუმრებმა შეიყვანეს და მოედანზე თავიდანვე ბრძოლა გაჩაღდა. ნელ-ნელა მასპინძლების უპირატესობა გამოიკვეთა და ჯერ ცენტრში ნოდარ ჭეიშვილმა გაჭრა ხაზი, მერე ფრთაზე დემე თაფლაძემ. რადგან პირველ წუთებზე ლელოს გატანა ვერ მოხერხდა, მათიაშვილმა ჯარიმით სცადა ანგარიშის გახსნა და 48 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა, თუმცა ერთ წუთში შერკინებამ ჯარიმა კარის წინ, 22 მეტრში მოიპოვა და სოსომ მე-11 წუთზე უშეცდომოდ დაარტყა.

მე-15 წუთზე ლელოს ჯერი დადგა. 22-მეტრიანი დერეფნიდან შეტევის შემდეგ, გიორგი ბაბუნაშვილმა გრძელი პასით ფრთაზე აკაკი ტაბუცაძე მოძებნა და მას ხელი ვეღარავინ დააკარა, მათიაშვილმა კი გარდასახა. ტაიმის შუაში ‘ჰითი’ ჩვენს ნახევარზე გადმოვიდა და ლელოში ბურთი ფეხით გადაკიდა. მათიაშვილი სიტუაციას აკონტროლებდა და მას ლელოში მშვიდად დაამიწებდა, მაგრამ მუხლი დაიზიანა და ვარდნაში ბურთი ხელით კიდით ხაზს იქით გადააგდო. ‘თელავივ ჰითმა’ საჯარიმო ლელო მიიღო, მათიაშვილმა ტრავმა და ყვითელი ბარათი. 10 წუთის შემდეგ მოედანზე მის ნაცვლად ლაშა ხმალაძე გამოჩნდა, სოსოს ტრავმის სიმძიმე კი მოგვიანებით გაირკვევა.

კაცნაკლულად მოთამაშე ‘შავი ლომი’ მაინც დაეუფლა უპირატესობას და მოლით სცადა ლელოს გატანა. პირველ ჯერზე მეტოქემ თავი დაიცვა, 33-ეზე კი ის ვეღარავინ შეაჩერა და შალვა მამუკაშვილმა მასპინძელთა მეორე ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, ტაიმის ბოლოს სტუმრებმა და მასპინძლებმა ჯარიმები გაცვალეს და შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავედით – 18:10.

მეორე ტაიმი ‘შავი ლომის’ კარგი ხელდახელ თამაშით და ლელოთი დაიწყო. ნიკო აფციაურმა და მერაბ შარიქაძემ პასები არ დააგვიანეს, დემე თაფლაძემ ბოლო მცველი აიყვანა და ბურთი ფეხით შეაცურა, მასზე პირველი ტაბუცაძე იყო და გუნდს მორიგი 5 ქულა შესძინა. ბაბუნაშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მალევე შეცდომა გამოასწორა და დაახლოებით 35 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა.

61-ე წუთზე მსაჯმა მიხეილ ორაგველიძე გაასინბინა და კიდევ ერთხელ დავრჩით კაცნაკლული, თუმცა კარგი დაცვით მეტოქეს ჩვენი 5-მეტრიანიდან ჯერ უკან დავახევინეთ, მერე დავაჯარიმეთ. 67-ე წუთზე შერკინებიდან უკვე ‘შავმა ლომმა’ შეუტია, ჯერ ცენტრისკენ წაიღო ბურთი, მერე მარჯვენა ფრთაზე დააბრუნა და ტაბუცაძემ თავისი მესამე, ხოლო გუნდისთვის ბონუსის მომტანი მეოთხე ლელო გაიტანა. ბაბუნაშვილმა გარდასახა და ‘შავი ლომის’ ისტორიულ მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 33:10.

რაგბი ევროპის სუპერ თასი
I რაუნდი. 16 ოქტომბერი
თბილისი. „ავჭალა“
შავი ლომი – თელავივ ჰითი 33:10
შავი ლომი

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. მიხეილ წიკლაური, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. მიხეილ ორაგველიძე, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. თენგიზ პერანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. მირიან მოდებაძე.

4 ლელო: ტაბუცაძე (3), მამუკაშვილი

2 გარდასახვა: მათიაშვილი, გ. ბაბუნაშვილი

3 ჯარიმა: მათიაშვილი, გ. ბაბუნაშვილი (2)

2 სინბინი: მათიაშვილი, ორაგველიძე

 

ენისეი            2          2          0          0          66-27   10

შავი ლომი    1          1          0          0          33-10   5

ჰითი              1          0          0          1          10-33   0

ლოკ. პენზა   2          0          0          2          27-66   0

 

23 ოქტომბერი

ენისეი სტმ (რუსეთი) – თელავივ ჰითი (ისრაელი)

ლოკომოტივი  პენზა (რუსეთი) – შავი ლომი (საქართველო)