ფაცაციას ბენეფისი „თელავში“, „საბურთალომ“ თამაში „სამგურალთან“ შემოატრიალა

0
2

„თელავმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ჩემპიონატში პაუზამდე გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა სტუმრად „სამტრედიას“ აჯობეს, ხოლო ამჯერად შინ სამი ქულა თბილისის „ლოკომოტივთან“ აიღეს.

მე-18 წუთზე, გიორგი ჯანელიძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და „ლოკომოტივის“ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ვაჟა ფაცაციამ ისარგებლა, რომელმაც მარცხენა ფეხით ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. 23 წლის მცველმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

თუმცა, ფაცაცია ამით არ დაკმაყოფილდა და მე-40 წუთზე დუბლი შეასრულა. ამ შემთხვევაშიც მარჯვნიდან კუთხური ჯანელიძემ შეასრულა და „თელაველთა“ უკანახაზელმა თავით გაიტანა.

53-ე წუთზე, თბილისელებმა ჯარიმა გაითამაშეს და კახა კახაბრიშვილის გადაცემის შემდეგ, ანტონ თოლორდავამ ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა თემურ შონიამ მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ანგარიში შეამცირა.

„თელავი“ 32 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიცაზეა, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის თავკაცობით „ლოკომოტივი“ 44 ქულით – მეხუთეა.

„საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მსვლელობისას აგებდა, საბოლოოდ მეტოქე სახლში უქულოდ გაუშვა.

მატჩის მე-5 წუთზე სტუმრები სერგო კუხიანიძემ დააწინაურა, რომელიც თბილისელთა მეკარესთან პირისპირ გავიდა და თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. „საბურთალომ“ ანგარიში მე-2 ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში გაათანაბრა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან იური ტაბატაძემ პასი წყალტუბოელთა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ დმიტრი მანდრიჩენკოს გაუკეთა, ხოლო მოლდოველმა ფორვარდმა ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა.

71-ე წუთზე, შეტევაში ჩართული „საბურთალოს“ მცველი გიორგი ჯგერენაიამ სამგურალელმა ომარ პატარკაციშვილმა თავის საჯარიმოში წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენლატი ტაბატაძემ გაიტანა.

თბილისელთა ფორვარდმა საქართველოს ჩემპიონატში მე-9 გოლი გაიტანა, რაც მის პროფესიულ კარიერაში საუკეთესო შედეგია.

ხვიჩა შუბითიძის გაწვრთნილ „საბურთალოს“ 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამეა, სოსო ფრუიძის თაოსნობით „სამგურალი“ 36 ქულით – მეექვსე.