„დინამომ“ მეოთხე „კლასიკოც“ მოიგო, მჭედლიძის დებიუტი “ტორპედოში”

0
26

თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში ქუთაისის „ტორპედოს“ მეოთხე დაპირისპირება მოუგო.

ამჯერად, დინამოელებმა ქართულ „კლასიკოში“ მეტოქეს მინიმალური ანგარიშით აჯობეს.

მე-7 წუთზე, გიორგი მოისწრაფიშვილმა ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ ფაბიან სპორსკლედეს, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.

ტაიმის მიწურულს სერბი ზორან მარუშუჩი „ტორპედოს“ ცენტრალურ მცველ ბაქარ მირცხულავას გაცდა და მეკარე ლევან შოვნაძესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი კარს ააცილა.

73-ე წუთზე, ფადი ზიდანი თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მისი დარტყმის შემდეგ კარიდან გამოსულმა ესპანელმა მეკარე პრიეტო მასპინძლების გოლის გაშვებისგან იხსნა.

81-ე წუთზე „ტორპედოს“ შემადგენლობაში შეცვლაზე ლევან მჭედლიძე შევიდა, რომელმაც ეს სეზონი ბათუმის „დინამოში“ დაიწყო, ხოლო შარშან თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა. მანამდე, ის წლების განმავლობაში იტალიის „ემპოლიში“ თამაშობდა.

“დინამო” კახა ცხადაძის თავკაცობით 56 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “ტორპედო”, რომელსაც კახა ჩხეტიანი ხელმძღვანელობს 26 ქულით მერვეა.

გორის “დილამ” “სამტრედია” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.

შეხვედრის მე-11 წუთზე თორნიკე კაპანაძემ სამტრედიელთა საჯარიმოში არშესულმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

41-ე წუთზე, გორელთა გვინეელმა ლეგიონერმა უსმანე კამარემა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ნიკა გაგნიძემ თავური დარტყმით სტუმართა კარი აიღო.

ტაიმის მიწურულს „დილას“ საჯარიმოში შეჭრილი მათე კვირვია ფეხებში ვარდნით პაატა ღუდუშაურმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი არაბიძემ გაიტანა.

85-ე წუთზე, ირაკლი ბუღრიძის გადაცემის შემდეგ, კაპანაძემ მოწინააღმდეგის საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერი დარტყმით დუბლი მიითვალა – 3:1.

უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილა“ 47 ქულით მეოთხე ადგილზეა, გია ცეცაძის „სამტრედია“ კი 16 ქულით ბოლოა.