ბათუმის „დინამომ“ აჭარული დერბი მოიგო

0
8

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა დღეს ფოთში „ფაზისის“ სტადიონზე ქობულეთის „შუქურასა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის მატჩით განახლდა.

29-ე ტურში გამართულ აჭარულ დერბიში გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა სტუმრებმა გიორგი შაშიაშვილის დამოძღვრილ ქობულეთელებს ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 65-ე წუთზე, დინამოელებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და ირაკლი აზაროვმა ზუსტი გადაცემით „შუქურას“ საჯარიმოში თორნიკე გაფრინდაშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე აზაროვმა მეტოქის საჯარიმოს ფარგლებს გარედან მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ჯერ გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ მასპინძლების კარში გაეხვა.

ბათუმელებმა წაუგებელი მატჩების სერია 13-მდე გაახანგრძლივეს და 60 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერობენ.