უხვგოლიანი სტარტი – კსუ და თსუ დაწინაურდნენ

0
25

ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი უხვგოლიანი მატჩებით დაიწყო, სასტარტო ტურის პირველ დღეს 2 მატჩში 10 გოლი გავიდა.

სეზონი, მოქმედი ჩემპიონი კსუ-სა და ლიგის დებიუტანტის, ქუთაისური მართვეს დაპირისპირებით გაიხსნა. მეკარე ბერძენაძემ არაერთხელ იხსნა ქუთათურები, მაგრამ, მე-5 წუთზე, თბილისელთა ლამაზი კომბინაციისას უძლური აღმოჩნდა – ბექაურის დარტყმული ბურთი ძელიდან მართვეს მეკარეს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. ჭანუყვაძემ 6 წუთში, კავკასიელთა უპირატესობა გააორმაგა. თუმცა, რამდენიმე წამში გურეშიძემ ერთი ბურთი გაქვითა.

მეორე ნახევარიც თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. მართვესაც შეეძლო ანგარიშის გათანაბრება და მასპინძლებსაც გატანა. თუმცა, ანგარიში მხოლოდ ტაიმის შუა ნახევარში შეიცვალა. კსუ-მ საკუთარ მომენტი გამოიყენა და  მანგოშვილმა საკუთარი გუნდის ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. ამ მომენტიდან 3 წუთში ხარატიშვილმა, სხვაობა სამამდე გაზარდა. ბოლო წუთზე კი ქურცაძემ გაიტანა და 5:1. მართალია, მართვე სტარტზე დამარცხდა, მაგრამ ისიც გამოჩნდა, რომ ქუთათურებთან ყველა გუნდს მძიმე ბრძოლას მოუწევს.

კსუ-ს მსგავსად, ახალი სეზონი თსუ-მაც მოგებით დაიწყო. დავით ბობოხიძის გუნდმა, სტუდენტურ დერბიში, თასის მფლობელ ილიაუნს სძლია. მარცხის მიუხედავად, ილიაუნმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პირველ ტაიმში ორივე კართან არაერთი ხიფათი შეიქმნა, თუმცა ორივე გუნდის მეკარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შესვენებამდე დაფიქსირებული უგოლო ფრე, მათი დამსახურებაა. 24-ე წუთზე თსუ-ს შეტევა მთელი მატჩის დასამახსოვრებელი ეპიზოდი გახლდათ. ილიაუნის მეკარე აბულაძე, თსუ-ელთა ორ დარტყმას გადაეფარა, მაგრამ დიაკვნიშვილმა მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა.

ამას ორმხრივი შეტევები მოჰყვა, მაგრამ გოლი მხოლოოდ 12 წუთში გავიდა –  ასაშვილმა გამორჩეული კომბინაცია დააგვირგვინა, 2:0. ზუსტად წუთში ჩიმაკაძემ სამამდე გაზარდა ანგარიში. ბოლოს კი ბერეჩიკიძემ ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.

პირველი დღის შემდეგ, ცხრილს კსუ და თსუ, 3-3 ქულით ლიდერობენ, მაგრამ წინ კიდევ სასტარტო ტურის 2 მატჩია – 15 ოქტომბერს არმია და პსპ ითამაშებენ, 24 ოქტომბერს კი, თელასი-ჯორჯიანსი ბათუმურ ბსსა-ს დაუხვდება.