ნეიმარის გოლი და ორი საგოლე ურუგვაისთან, არგენტინამ პერუს მინიმალურად აჯობა

0
87

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა თავის მოედანზე ურუგვაის შანსი არ დაუტოვა – 4:1.

ქალაქ მანაუსში „ამაზონია არენაზე“ გამართული მატჩის მე-10 წუთზე ანგარიში ნეიმარმა გახსნა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებში 70-ე გოლი გაიტანა.

მე-18 წუთზე რაფინიამ მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა და შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

58-ე წუთზე, ნეიმარის გადაცემის შემდეგ რაფინიამ დუბლი შეასრულა. 77-ე წუთზე, ლუის სუარესმა ერთი ბურთი გაქვითა. თუმცა, 83-ე წუთზე სტუმართა კარი მეოთხე გაბიგოლმა აიღო, რომელმაც ნეიმარის პასი შეირგო.

ნეიმარმა მიმდინარე შესარჩევში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. ის საუკეთესო ბომბარდირებში ბოლივიელ მარსელო მორენო მარტინს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 8 ბურთია.

ბრაზილის 31 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო ურუგვაი 16 ქულით მეხუთეა.

არგენტინამ პერუ მიიღო და ლაუტარო მარტინესის მიერ 43-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა.

პერუელებს ქულის გადარჩენა შეეძლოა, როდესაც ჯეფერსონ ფარფანი, რომელმაც ნაკრებში მეასეჯერ ითამაშა, მასპინძელთა მეკარე მარტინესმა თავის საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი იოტუნმა შეასრულა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. არგენტინა 25 ქულით მეორე ადგილზეა.

კოლუმბია და ეკვადორი ბარანკილიაში ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. ეკვადორი 17 ქულით მესამეა, კოლუმბია კი 16 ქულით – მეოთხე.

ჩილემ თავის მოედანზე ვენესუელას სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. მასპინძლებიდან დუბლი პულგარმა შეასრულა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი მე-18 და 37-ე წუთებზე აიღო, ხოლო 73-ე წუთზე თავი ბრერეტონმა გამოიჩინა. ჩილე 13 ქულით მეექვსეა.

ბოლივიამ პარაგვაი მიიღო და 4:0 გაანადგურა. მასპინძლები 21-ე წუთზე რამალიომ დააწინაურა და პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

53-ე წუთზე თავი ვილაროედმა გამოიჩინა, რასაც 84-ე წუთზე აბრეგოს გოლი მოჰყვა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე კი ფერნანდესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.