კვერკველია უკრაინის პრემიერ ლიგაში ითამაშებს

0
8

სოლომონ კვერკველია კარიერას უკრაინის პრემიერ ლიგაში განაგრძობს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ხარკოვის „მეტალისტ 1926“-ში ითამაშებს.

29 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და ხარკოველთა რიგებში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კვერკველიამ გასული სეზონი რუსეთის პრემიერ ლიგის ვოლგოგრადის „როტორში“ გაატარა, რომელიც რანგით მეორე ლიგაში გავარდა.

კვერკველია კარიერის განმავლობაში რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის „რუბინსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.

მან რუსეთის ჩემპიონატში და თასზე 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში 10-ჯერ ითამაშა, ხოლო ევროპა ლიგაში 23-ჯერ.

კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად ერთხელ მოიგო (2017-2018 წლების სეზონში), ხოლო თასს 2-ჯერ (2016-2017, 2018-2019) დაეუფლა. გარდა ამისა, მოსკოველებთან ერთად სუპერთასი ერთხელ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რუსეთის თასი ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაშიც მოიპოვა – 2011-2012 წლების სეზონში.

ის საქართველოს ეროვნულ გუნდში 2014 წლიდან ასპარეზობს და 42 მატჩი ჩაატარა.