საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო შესარჩევში 9-წლიანი ნავსი გატეხა

0
5

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 9-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი თამაში მოიგო.

ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილები სტუმრად კოსოვოს შეხვდნენ და ბათუმში დამარცხებისთვის რევანში აიღეს, რის წყალობით, B ჯგუფში ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

მანამდე, საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევში ბოლოს 2012 წლის 7 სექტემბერს თბილისში თორნიკე ოქრიაშვილის გოლით ბელარუსს 1:0 აჯობა.

2005 წლის 17 აგვისტოს შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მუნდიალის საკვალიფიკაციოზე სტუმრად პირველად გაიმარჯვა. მაშინ, მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევში გაოზ დარსაძის გაწვრთნილმა გუნდმა ალმათიში გიორგი დემეტრაძის დუბლით ყაზახებს 2:1 სძლია.

საქართველოს ნაკრებს პრიშტინაში გასამართ მატჩამდე 4 ფეხბურთელი გამოაკლდა. ნახევარმცველები ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია დისკვალიფიკაციის გამო არ იყვნენ, თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ტრავმამ შეაწუხა, ხოლო შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეს კოსოვოში გაფრენამდე სასუნქთი გზების მწვავე ინფექცია გამოუვლინდა.

ეროვნულ გუნდს მცველები გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე დაუბრუნდნენ, რომელთაც დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდათ.

სანიოლმა გუნდი სამი ცენტრალური მცველით ათამაშა. მეტოქის შეტევის დროს ოთარ კაკაბაძე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შედიოდა, სადაც გურამ კაშიას და ლაშა დვალის ტანდემი მოქმედებდა, ხოლო მარჯვენა მცველის პოზიციას საბა ლობჟანიძე იკავებდა. მარცხენა ფლანგი გურამ გიორბელიძეს ებარა.

ნახევარდაცვის ცენტრში ნიკა კვეკვესკირი და ვაკო გვილია მოქმედებდნენ, მარცხენა გარემარბად ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებდა, მარჯვენა – გიორგი წიტაიშვილი. თავდასხმაში თორნიკე ოქრიაშვილი ირჯებოდა.

მატჩის დასაწყისში მილორ რაშიცამ სტუმრების საჯარიმოში სისწრაფეში ოთარ კაკაბაძეს აჯობა და მარჯვენა მახვილი კუთხიდან მის მიერ დარტყმული ბურთი კარიდან გამოსულმა გიორგი ლორიამ ფეხით მოიგერია.

მე-11 წუთზე, გიორგი წიტაიშვილმა არაზუსტი პასი გაუკეთა თორნიკე ოქრიაშვილს, მაგრამ მურიჩს, რომელმაც კარი დატოვა ხელიდაბ გაუვარდა ბურთი და მის ახლოს მდგომმა ოქრიაშვილმა ანგარიში გახსნა – 0:1. ის 13 გოლით ნაკრების მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირია. ოქრიაშვილი სტუმართა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, ვიდრე მოედანზე იმყოფებოდა.

მე-16 წუთზე, საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა საბა ლობჟანიძემ პასი გიორბელიძეს გაუკეთა, რომელმაც ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად არაზუსტად დაარტყა.

37-ე წუთზე კოსოვოელთა კონტრშეტევა მოწინააღმდეგის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა რაშანმა ახლო მანძილიდან დარტყმით დაასრულა და გიორბელიძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

ტაიმის მიწურულს მსაჯმა მიიჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ თავის საჯარიმოში რაშიცა წააქცია და პენალტი დანიშნა, რომელიც მურიქმა გამოიყენა – 1:1.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების შეტევის დროს, წიტაიშვილმა ბალკანელთა საჯარიმოში ლობჟანიძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა და შემოტრიალებით შორეულ კუთხეში არაზუსტად დაარტყა.

75-ე წუთზე, მასპინძლების იერიში მურიქის სახიფათო თავურით დასრულდა, მაგრამ ლორიამ ბურთი ხელებში დაიჭირა.

82-ე წუთზე, კოსოვოელთა საჯარიმოში მყოფმა ირაკლი აზაროვმა კარგი პასი გაუკეთა ზურიკო დავითაშვილს, რომელმაც თავით ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

გატანილი გოლიდან ცოტა ხანში, გიორგი ქვილითაიამ კოსოვოელთა საჯარიმოში  გადაცემა არ დაუგვიანა ლობჟანიძეს, რომლის დარტყმის მერე რაჰმანიმ კარიდან ბურთი თავით მოიგერია.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში საქართველოს ნაკრების დაცვა შეცდა და ბურთი სელმანიმ მიიღო, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიში გათანაბრების საუცხოო შანსი ხელიდან გაუშვა.

საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე სანიოლის გუნდი ბოლო მატჩს 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთთან ჩაატარებს.

კოსოვო – საქართველო 1:2(1:1)

12 ოქტომბერი. პრიშტინა. სტადიონი „ფადილ ვოქრი“.

კოსოვო: მურიჩი, ვოევოდა, რაჰმანი, ფაზლიჯი, ალიტი (სელმანი, 86), ჰალიმი (ლოშაი, 74), დრესევიჩი, სელინა (მუსლია, 86), რაშანი (კასტრატი, 59), რაშიცა (ბუტუკი, 73), მურიქი.

მთავარი მწვრთნელი: ბერნარ შალანდი

საქართველო:  ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი, 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი, 88), წიტაიშვილი (ჩაბრაძე, 72), კვარაცხელია (დავითაშვილი, 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია, 72).

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45)

გაფრთხილება: დრესევიჩი (19), რაშანი (32), გიორბელიძე (32), ოქრიაშვილი (45+3), დავითაშვილი (88), რაჰმანი (90+3), კასტრატი (90+3), დვალი (90+3).

მთავარი მსაჯი: პაველ რაჩკოვსკი (პოლონეთი)