მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში პორტუგალიამ ლუქსემბურგს უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.
მატჩში კრიშტიანუმ რონალდუმ ჰეთ თრიკი გაიფორმა. 36 წლის ფეხბურთელს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე კარიერაში 36 გოლი დაუგროვდა, რაც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე შედეგია. პორტუგალიელი გატანილი გოლების რაოდენობით ირანის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ალი დაეის გაუთანაბრდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 39 გოლით გვატემალელი კარლოს რუისია, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა.
რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერაში სანაკრებო დონეზე 10 ჰეთ-თრიქი შეასრულა. საერთო ჯამში, მან კარიერაში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე 58 ჰეთ-თრიქი მიითვალა.
რონალდუმ სანაკრებო დონეზე 115 გოლი გაიტანა და თავისი მსოფლიო რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა. მან ყველაზე მეტჯერ ლუქსემბურგის კარი აიღო – 9-ჯერ, ხოლო ლიტვა და შვედეთი 7-7-ჯერ დაამწუხრა.
რონალდუმ 2021 წელს ყველა ტურნირში თავის ანგარიშზე 38 ბურთი ჩაიწერა და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის დაეწია. მან წელს პორტუგალიელთა მაისურით მოწინააღმდეგეთა კარი 13-ჯერ აიღო.
პორტუგალიის ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე კიდევ ორი მატჩი ელის, ფერნანდუ სანტუშის გუნდი 11 ნოემბერს ირლანდიას ესტუმრება, 14-ში კი სერბეთს უმასპინძლებს.
