საფრანგეთმა ერთა ლიგა მოიგო, ბუსკეტსი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელია

0
8

ერთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშება საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა მოიგო.

მილანში ჯუზეპე მეაცას სახელობის „სან სიროს“ სტადიონზე გამართულ ფინალში ფრანგებმა ესპანელები მინიმლაური სხვაობით დაამარცხეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 64-ე წუთზე ოიარსაბალმა უპამეკანოს სისწრაფეში აჯობა და საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.

ესპანელებს ზეიმი დიდი ხანი არ დასცალდათ, რადგან ქარიმ ბენზემამ ბურთი მარცხენა ფრთაზე მიიღო, საჯარიმოში შეიწია და „ცხრიანში“ ბურთი ულამაზესად „მოჭრა“ – 1:1.

მე-80 წუთზე ტეო ერნანდესმა ზუსტი პასით კილიან მბაპე მეკარესთან პირისპირ დატოვა და ფრანგების ფორვარდმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საფრანგეთის ნაკრები ფეხბურთის არსებობის ისტორიაში პირველია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო.

ფრანგებმა საერთო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ, ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ, ერთა ლიგაში და ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს.

ფრანგების თავკაცმა დიდიე დეშამმა ფეხბურთელობისას მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე გაიმარჯვა, ხოლო მწვრთნელობისას მსოფლიო პირბველობისა და ერთა ლიგის ოქროს მედლებს დაეუფლა.

ბენზემა კარიერაში 26-ე ტიტულს დაეუფლა – ერთს ნაკრებთან ერთად, შვიდს „ლიონთან“, ხოლო თვრამეტს – „რეალთან“.

ერთა ლიგის მეორე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელების კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი დაასახელეს.