საქართველოს ნაკრების ზედიზედ მესამე მარცხი მსოფლიოს შესარჩევში

0
14

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მესამედ დამარცხდა.
ამჯერად, ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმში ახალ არენაზე საკმაოდ უსახურ შეხვედრაში ბერძნებისგან ორი უპასუხო ბურთი მიიღო.
ბათუმში ჩასატარებელ მატჩამდე საქართველო და საბერძნეთი ერთმანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდნენ – ბალკანელებმა 6-ჯერ მოიგეს, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
თავდაპირველად სტადიონზე მაყურებელი შეზღუდული რაოდენობით დაუშვეს, მაგრამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, უწყებათშორისო საკორდინაციო საბჭომ მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება გადაწყვიტა.
ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას და უეფას ბერძნებთან მატჩის გადადების თაობაზე ოფიციალური წერილით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, ხოლო ორივე გუნდის ფეხბურთელები მოედანზე შავი სამკლავურებით გამოვიდნენ, რითაც ბათუმში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა. 35 წლის საყრდენი ნახევარმცველი ლევან კობიაშვილის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა. კანკავა ეროვნულ გუნდში 2004 წლიდან გამოდის და კაპიტანი ყველაზე მეტჯერ, 63-ჯერ იყო.
მან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 33 მატჩი ჩაატარა, 24-ჯერ მსოფლიო პირველობის შესარჩევში ითამაშა, 10-ჯერ უეფას ერთა ლიგაში, ხოლო 33-ჯერ ამხანაგურ შეხვედრებში.
საქართველოს ნაკრების ისტორიაში კანკავას ყველაზე ხანგრძლივი კარიერა აქვს – 17 წელი, 1 თვე და 4 დღე.
მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო მცველები გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე დააკლდნენ.
საქართველოს ნაკრების დაცვის ცენტრში დავით ხოჭოლავა და ლაშა დვალი მოქმედებდნენ, მარჯვენა ფლანგზე ოთარ კაკაბაძე, ხოლო მარცხენაზე – ოთარ გიორბელიძე. დვალმა მარტის მერე ნაკრებში პირველად ითამაშა, რადგან ტრავმა ჰქონდა.
ნახევარდაცვის ცენტრში საყრდენებად კანკავა და გიორგი აბრუჯანია თამაშობდნენ, გამთამაშებელი კი გიორგი ჩაკვეტაძე იყო.
მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე საბა ლობჟანიძე ირჯებოდა, მარცხენასი – ხვიჩა კვარაცხელია. თავდასხმაში გიორგი მიქაუტაძე თამაშობდა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ და ჩაკვეტაძემ ერთად პირველად ითამაშეს.
მატჩის დასაწყისში ლორიამ თავისი საჯარიმოდან ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც პავლიდისს მოხვდა და მასპინძლებისთვის საბედნიეროდ ეპიზოდი გაშვებული გოლით არ დასრულდა.
მე-12 წუთზე სტუმრებბმა გოლი გაიტანეს, რომელიც VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გაუქმდა, რადგან ბერძენმა ფეხბურთელმა პარტნიორს პასი მას მერე გაუკეთა, რაც ბურთი კუთხურის ხაზს გადაცდა.
25-ე წუთზე, კაკაბაძემ შორი მანძილიდან „გაისროლა“ და ბერძნების მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
პირველი ტაიმის მსგავსად ბევრი საგოლე მომენტი არც მეორე ტაიმში შექმნილა. ბერძნები ყურადღებით დარაჯობდნენ კვარაცხელიას და შესაძლოა ითქვას, რომ თამაშიდან „გამოთიშეს“. მიქაუტაძეც ვერ აქტიურობდა, რადგან ბურთი ფაქტობრივად არ ჰქონია. ამიტომ, სანიოლმა მის ნაცვლად თამაშში ოქრიაშვილი ჩართო, ხოლო ჩაკვეტაძე გვილიათი შეცვალა.
68-ე წუთზე კანკავამ ყვითელი ბარათი მიიღო და მომავალ შეხვედრას გამოტოვებს.
73-ე წუთზე, კვარაცხელია მცველებს პირველად დაუსხლტა და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი ბერძენი მცველის ფეხიდან კუთხურზე გადავიდა. მანამდე, ბაკასეტასი შორი მანძილიდან დაემუქრა მასპინძლების კარს, თუმცა ლორიამ ბურთი ხელებში დაიჭირა.
მე-80 წუთზე, ქართველმა ფეხბურთელებმა მარჯვენა ფრთაზე რამდენიმე სვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და ლობჟანიძის ჩაწოდებას კვარაცხელიას თავური მოჰყვა – ვლახოდიმოსმა ბურთი უპრობლემოდ დააფიქსირა.
85-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმის დროს ოქრიაშვილის მიერ ბერძნების კარისკენ ძლიერად გაგზავნილი ბურთი ვლახოდიმოსმა მუშტებით მოიგერია.
მატჩის მიწურულს, მსაჯმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი და მეტოქესთან საჰაერო ორთაბრძოლის დროს გიორბელიძეზე ხელით თამაში დააფიქსირა, რის გამო პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა – 0:1.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე კაკაბაძემ თავის ნახევარზე ძალიან ცუდი გადაცემა გააკეთა და ბურთი პელკასმა ჩაჭრა, რომელიც ჯერ გიორბელიძეს გასცდა, ხოლო შემდეგ ხოჭოლავას დაასწრო, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 0:2.
საქართველოს ნაკრებს B ჯგუფში 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სანიოლის შეგირდები 12 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოსთან ჩაატარებენ.

საქართველო – საბერძნეთი 0:2 (0:0)
9 ოქტომბერი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი, 90+2), ლობჟანიძე (ქვილითაია, 90+2), ჩაკვეტაძე (გვილია, 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი, 60).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუჩალაკისი, სიოპისი (მანტალოსი, 85), ანდრუცოსი, პავლიდისი (პელკასი, 46), მასურასი (ცოლისი, 78), ბაკასეტასი.
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ.), 0:2 პელკასი (90+5)
გაფრთხილება: სიოპისი (6), კანკავა (68) ცაველისი (68), აბურჯანია (71), ანდროუტსოსი (84), გიორბელიძე (89), ბაკასეტასი (90+1)
მთავარი მსაჯი: დონატას რუმსასი (ლიეტუვა)

გოჩა კაჭარავა