მამუკელაშვილი 20 ქულა, 11 მოხსნა VS კევინ დიურანტი 18 ქულა, 6 მოხსნა

0
7

სანდრო მამუკელაშვილის გაელვება ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკი ბაქსმა”, რომელმაც 22 წლის ქართველი ფორვარდი გასულ დრაფტზე 54-ე ნომრად აიყვანა, მორიგი საგამოფენო მატჩი ნიუ იორკში “ბრუკლინს ნეტსს” შეხვდა და 115:119 (სტატისტიკა) დამარცხდა.

ეს ის შემთხვევაა, როცა მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. შეხვედრაში, რომელშიც ნბა-ს და შესაბამისად მსოფლიოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, ახალგაზრდა ქართველმა ორმაგი დუბლი – 20 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. მამუკელაშვილმა ამ ხმაურიანი შედეგის დაფიქსირება მოახერხა გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც კევინ დიურანტი, ჯეიმს ჰარდენი, ლამარკუს ოლდრიჯი და ბლეიკ გრიფინი თამაშობდნენ.

ამ სუპერვარსკვლავთაგან მამუკელაშვილს პეიოდულად უშუალოდ ბლეიკ გრიფინის წინააღმდეგ უწევდა თამაში და სანდრომ თავი არც ერთ ეპიზოდში არ შეირცხვინა. მეტიც, მამუკელაშვილმა ყველა სათამაშო კომპონენტში გამოიჩინა თავი: შორიდანაც ჩააგდო, გარღვევებიც მიითვალა, ბურთიც მოხდენილად ჩატენა, ლამაზი პასიც გასცა და ფარზეც მაგრად იმუშავა – 11 მოხსნა ამის დასტურია. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილის ბურთის ეფექტურად ჩატენვის დროს ბრუკლინელთა შემადგენლობაში მოედანზე იყო სამი სუპერვარსლვლავი: დიურანტი, ჰარდენი და გრიფინი.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30:11 წუთი გაატარა. ამ დროში სანდრომ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად მის ანგარიშზე 11 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. მის პასივში 4 დაკარგვა გახლდათ.

მილუოკიში ისევ არ ითამაშა იანის ანტეტოკუნმპომ, ხოლო საუკეთესო ისევ ჯორდან ნვორა გახლდათ , რომელმაც 30 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ბრუკლინში არასრული 24 წუთი ითამაშა კევინ დიურანტმა, რომელმაც 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ბლეიკ გრიფინმა, რომელიც მამუკელაშვილის ამპლუის მოთამაშეა, 20 წუთში 3 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. ჯეიმზ ჰარდენმა გამარჯვებულ ბრუკლინელებს 8 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი შესძინა.

შემდეგ საგამოფენო მატჩს “მილუოკი” 10 ოქტომბერს, შინ “კლივლენდთან” გამართავს.