საფრანგეთი ერთა ლიგის მეორე ფინალისტია

0
3

ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გათამაშების მეორე ფინალისტის საფრანგეთის ნაკრებია.

დიდიე დეშამის გაწვრთნილებმა მეტად დრამატულ და სანახაოებროვ მატჩში ბელგია 3:2 დაამარცხეს. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ფრანგების საბოლოო წარმატების წინასწარმეტყველება იოლი არ იყო.

მატჩის 37-ე წუთზე ანგარიში კარასკომ გახსნა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და უგო ლორისს ახლოა კუთხეში გაუტანა.

მე-40 წუთზე, ლუკაკუ ცრუ მოძრაობით საჯარიმოში ლუკა ერნანდესს გაექცა და მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმით ბელგიელები კიდევ უფრო დააწინაურა.

ლუკა ერნანდესთან ერთად საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მისმა ძმამ ტეო ერნანდესმა ითამაშა. 1932 წლის შემდეგ “სამფეროვანთა” რიგებში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძმები მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდნენ. მაშინ, საფრანგეთის ნაკრებში ჟან და ლუსიენ ლორენებმა ითამაშეს.

სხვათა შორის, ლუკაკუმ ფრანგებთან მე-6 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა.

62-ე წუთზე, კარიმ ბენზემამ ბელგიელთა საჯარიმოში ბურთი რამდენიმე მცველის გარემოცვაში მიიღო, მაგრამ შემოტრიალდა და ზუსტად დაარტყა.

მიმდინარე სეზონში მადრიდის “რეალსა” და საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 14 მატჩში, ბენზემამ 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

69-ე წუთზე, ტილემანსმა თავის საჯარიმოში გრიზმანი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ზუსტად მბაპემ გამოიყენა. კილიანმა 22 წლისა და 291 დღის ასაკში საფრანგეთის ნაკრებში 50-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც რეკორდია. უეფამ მბაპე განვლილი დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

86-ე წუთზე ლუკაკუმ ფრანგების კარი ისევ აიღო, მაგრამ გოლი არ ჩათვალეს, რადგან ბელგიელ ფორვარდზე მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

90-ე წუთზე ფრანგების კონტრშეტევის დროს ტეო ერნანდესმა ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოს გარეთ მიიღო და უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2.

კვირას, მილანში ჯუზეპე მეაცას სახელობის “სან სიროს” სტადიონზე გასამართ ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება.

მანამდე, მესამე ადგილისთვის მატჩში ტურინში “ალიანს სთედიუმზე” იტალია ბელგიას შეხვდება.