ჯონ ვანტ სხიპი:”ველოდები, რომ გაცილებით მაღალ დონეზე ვითამაშებთ”

0
5

საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯონა ვან სხიპს სჯერა, რომ ათენში ჩატარებულ მატჩთან (1:1) შედარებით, მისი ფეხბურთელები ხვალ ბათუმში გასამართ შეხვედრაში უკეთესად ითამაშებენ.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც თავდამსხმელი გიორგიოს მასურასიც დაესწრო.

ჯონ ვანტ სხიპი: “გუნდში კარგი, პოზიტიური განწყობაა. ხვალ რთულ თამაშს ველოდებით, რადგან სალონიკიში ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, რაც საქართველოს კარგი თამაშით იყო გამოწვეული. თუმცა, ახლა ჩვენი გუნდი ფიზიკურად და მენტალურად გაცილებით კარგადაა მომზადებული და ველოდები, რომ გაცილებით მაღალ დონეზე ვითამაშებთ.

ძლიერი და შედარებით ნაკლებად ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ სათამაშოდ ერთნაირად ვემზადებით. საქართველოს, კოსოვოს და შვედეთს ერთნაირი პატივისცემა სჭირდება და ეს არაერთხელ აღვნიშნე. საქართველო კარგი გუნდია, ტექნიკური მოთამაშეები ჰყავს და ეს არაერთხელ დაამტკიცა, მათ შორის, ჩვენთან და ესპანეთის ნაკრებთან მატჩებში. ჩვენთვის ყველა თამაში ერთნაირად მნიშვნელოვანია.

ხვალინდელ მატჩში მკაფიო გეგმა გვაქვს, რომელსაც თუ მივყვებით, დარწმუნებული ვარ, შედეგიც დადებითი იქნება. თუმცა, ვიმეორებ, რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, რაც აქამდეც დაამტკიცა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მატჩის დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღება. წინა თვეში დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება შეგვიძლია. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და სამომავლოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”.

გეორგიოს მასურასი: “არის თუ არა ზეწოლა, რადგან გასვლის შანსი გვაქვს და მოგება გჭირდება? ხვალ ნამდვილად რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო. ამიტომ ახლა დამატებითი ზეწოლა არაა იმის გამო, რომ საქართველო სალონიკში არ დავამარცხეთ. ხვალ კი მოსაგებად ვიბრძოლებთ.

ძლიერი შემადგენლობით ჩამოვედით და ბუნებრივია, ეს ჩვენს განწყობაზე აისახება. ვცდილობთ, გუნდურობა შევინარჩუნოთ, როდესაც ვინმე გვაკლია, ახლა კი, როდესაც ბევრი ტრავმირებული დაგვიბრუნდა, ბუნებრივია, დამატებით სტიმული გაგვიჩნდა.

იქნება თუ არა ხვალინდელ მატჩში მთავარი ემოცია? ჭკვიანურად ორგანიზებულად და უნდა ვითამაშოთ, ხვალ სახლში სამი ქულით რომ დავბრუნდეთ“.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და საბერძნეთს შორის მატჩი ხვალ ბათუმის ახალ არენაზე ჩატარდება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.