ესპანეთი ერთა ლიგის პირველი ნახევარფინალისტია – იტალიის 37-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა

0
2

ერთა ლიგის პირველ ნახევარფინალში ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა მილანში “სან სიროს” სტადიონზე იტალია მინიმალური სხვაობით (2:1) დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა “ფურია როხამ” რობერტო მანჩინის დამოძღვრილ “სკუადრა აძურას” 2 ტაიმის განმავლობაში აჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თამაშის მე-17 წუთზე ესპანელებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და მარკოს ალონსომ უზუსტესი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში გახსნის ფერან ტორესს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

42-ე წუთზე იტალიელებს ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი გაუძევეს. რუსმა არბიტრმა კარასიოვმა იტალიელი მცველი პირველად კამათისთვის “გააყვითლა”, ხოლო მეორე ბუსკეტსისთვის იდაყვის ჩარტყმისთვის.

პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ესპანელების საუცხოო კომბინაცია ოიარსაბალის პასიხთ და ფერან ტორესის ზუსტი თავურით დასრულდა.

“სკუადრა აძურას” პირველ ტაიმში გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ინსინიემ თავისი შანსი ვერ გამოიყენა.

იტალიამ 83-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა პელეგრინის წყალობით შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში ესპანელები კარი ვეღარ აიღო.

ამრიგად, მანჩინის გუნდის 37-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა, რაც მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.

სხვათა შორის, სტადიონზე მოსული იტალიელი ფანების ნაწილი ორი ტაიმის განმავლობაში დონარუმას უსტვენდა.

იტალიის ნაკრებმა მანჩინის მწვრთნელობის დროს ერთ თამაშში 2 გოლი მეორედ გაუშვა, ხოლო პირველად ეს 2018 წლის 1 ივნისს მოხდა საფრანგეთთან 1:3 წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაში.

იტალიამ სახლში ოფიციალური შეხვედრა 1999 წლის შემდეგ პირველად წააგო. ესპანელებთან დაპირისპირებამდე ბოლოს იტალიელები ევრო-2000-ის შესარჩევში 1999 წლის 8 სექტემბერს საკუთარ კედლებში დანიასთან 2:3 დამარცხდნენ. იმ დროს ესპანეთის ნაკრების 6 ფეხბურთელი: ფერან ტორესი, ერიკ გარსია, ბრაიან ხილი, პედრო პორო, იერემი პინო და გავი დაბადებული არ იყვნენ.

ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში “ბარსელონას” ნახევარმცველმა გავიმ ითამაშა, რომელმაც მოედანზე 83 წუთი გაატარა, რაც მის კარიერაში პროფესიონალურ დონეზე მოედანე გატარებული ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.

გავი 17 წლისა და 62 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ესპანეთის ეროვნულ გუნდში უთამაშია.

მან ანხელ სუბიეტას რეკორდის გააუმჯობესა, რომელსაც “ფურია როხაში” დებიუტი 1936 წელს 17 წლისა და 284 დღის ასაკში ჰქონდა.

დღეს, ტურინში მეორე ნახევარფინალში გაიმართება საფრანგეთსა და ბელგიას შორის, რომელიც ფინალში ესპანელების მეტოქეს გაარკვევს.