მამუკელაშვილის 9 ქულა და 7 მოხსნა საგამოფენო მატჩში

0
7

სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე დებიუტი “მილუოკი ბაქსში”. მართალია, სანდრომ ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე უკვე ითამაშა მილუოკელთა გუნდში, თუმცა ის ახალბედებისა და გუნდში მოხვედრის უკონტრაქტო კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული დროებითი შემადგენლობა იყო. დღეს კი მამუკელაშვილმა საგამოფენო მატჩში “მემფისის” წინააღმდეგ ითამაშა “ბაქსის” ძირითად შემადგენლობასთან ერთად და თავისიანთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
გამოსარჩევი ამბავია, რომ მამუკელაშვილმა მილუოკელთაგან ყველაზე მეტი – 29 წუთი ითამაშა. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და “ბაქსის” ძირითადი ცენტრი, ბრუკ ლოპესი შეცვალა. ამ უკანასკნელმა მოედანზე გატარებულ 20 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილის ანგარიშზეც 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა, რასაც 3 პასი მოაყოლა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
მილუოკელთა შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია იანის ანტეტოკუნმპოს, საუკეთესო შედეგი კი გუნდის მეორეწლიანმა ახალგაზრდამ, ჯორდან ნვორამ დააფიქსირა – 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა. მატჩი მემფისის გამარჯვებით – 87:77 დასრულდა. გამარჯვებულებს 27 ქულით, 6 მოხსნით და 4 პასით ახალგაზრდა ვარსკვლავმა ჯა მორანტმა ულიდერა.
მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 8 ოქტომბერს გამართავს –  “მილუოკი” ბრუკლინში  “ნეთსს” შეხვდება.