დუდუ დადიანის მემორიალის მე-20 გათამაშება დაიწყო

0
6

ოლიმპიურ სასახლეში დღეს დუდუ დადიანის ტრადიციული, მემორიალური ტურნირი დაიწყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ტრაგიკულად დაღუპული ვიცე-პრეზიდენტის სახელობის ტურნირი 2002 წლიდან იმართება და წლეულს იგი მე-20-ედ ტარდება. ტურნირში სუპერლიგის 9 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. დღეს პირველი ტურის 3 მატჩი ჩატარდა.

“ა” ჯგუფი – კაკტუსი vs მეგა 65:70 (სტატისტიკა)

სუპერლიგის დებიუტანტმა “მეგამ” სეზონის პირველივე მატჩი მოიგო. მართალია, დუდუ დადიანის ტურნირი არაოფიციალურია და გუნდები ძირითადად მას ძირითადად შემადგენლობის შესარჩევად, ლეგიონერებისა და ახალწვეულების გამოსაცდელად იყენებს, თუმცა გამარჯვებაც საკმაოდ ფასობს და მეგაც კმაყოფილი უნდა იყოს წარმატებული მატჩით.

გუნდი “ა” ლიგიდან ამოსვლის შემდეგ მთლიანად გადასხვაფერდა. რუსი მწვრთნელი, მიხეილ ტერიოხოვი და 4 ლეგიონერი – ნიკიტა ლეშკოვი, ნიკოლაი მუხა, ტაილერ კორბინი და ჯიმონ ჰენსონი. ამ უცხოელებს რამდენიმე ქართველია დამატებული, რომლებიც იმდენად შეთამაშებას ეცდებიან, რომ სუპერლიგაში სასურველი შედეგი დადონ. დადიანის მემორიალის პირველ მატჩში “მეგამ” მეტოქე “კაკტუსზე” დალაგებულად ითამაშა და მოგებაც დაიმსახურა.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილ კაკტუსელებს მომავალ სეზონში ალბათ არაერთი გადაადგილების განხორციელება მოუწევთ, რათა სასურველი თამაში იპოვონ და შედეგები დააფიქსირონ. უშუალოდ ამ მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ლუკა ზაქრაძის ზუსტი სამქულიანის შემდეგ, დასრულებამდე 2,5 წუთით ადრე, ანგარიში 65:65 იყო. მეგას ამერიკელმა, ჯიმონ ჰენსონმა ორქულიანით მეგა 67:65 დააწინაურა, რის შემდეგაც კაკტუსელებმა გათანაბრების არაერთი შანსი გაანიავეს და ტაილერ კორბინმა ზუსტი საჯარიმოებით ტერიოხოვის გაწვრთნილ გუნდს გამარჯვება გაუნაღდა.

გამარჯვებულებს 18-18 ქულით ოთო ბულიავამ და ჯიმონ ჰენსონმა ულიდერეს. კორბინმა 17 ქულა მიითვალა, ნიკოლაი მუხამ შეხვედრა 5 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა. “კაკტუსში” 23 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ანდრე ფოქსი. ლუკა ზაქრაძემ 14 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, რიკი მედისონის ანგარიშზე 14 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.

ამ ჯგუფში დუდუ დადიანის თასის მოქმედი მფლობელი “ქუთაისი” ისვენებდა, რომელიც ხვალ “მეგას” დაუპირისპირდება.

“ბ” ჯგუფი – ტიტები vs ვერა 69:77 (სტატისტიკა)

მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრსა და მრავალ ქართულ კლუბში ნათამაშებ ბესიკ ლეჟავას, რომლის გაწვრთნილმა “ტიტებმა” დუდუ დადიანის მემორიალის პირველ მატჩში “ვერასთან” 8 ქულით წააგო. ვერელები თამაშის განმავლობაში 20-ზე მეტი ქულითაც ლიდერობდნენ, თუმცა შეხვედრის ბოლოს ტიტებმა მოგების შანსი მოიპოვეს, რომელიც ვერ გამოიყენეს და დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა დამსახურებული გამარჯვება გაიფორმეს.

ორივე ამ გუნდში ამინდს ლეგიონერები ქმნიდნენ და სავარაუდოდ ასე იქნება სეზონის განმავლობაში. ვერელებმა “ოლიმპში” გაუშვეს გუნდის ლიდერი, ეროვნული ნაკრების წევრი გივი ბაქრაძე და გუნდის ხელმძღვანელობამ მის შემცვლელად უკანახაზელი ლეგიონერები მოიყვანა. ერთ-ერთი ასეთი დარილ ბრაუნი გახლავთ, რომელიც 180 სანტიმეტრი სიმაღლის გამთამაშებელია და დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 7 პსი და 6 მოხსნა დაგროვდა.

შედეგიანობით ერთ-ერთი საუკეთესო იყო კიდე ერთი უკანახაზელი თაჩ უნრუჰი, რომელმაც 17 ქულა მიითვალა. ვერელთა შორის 13 ქულით გამოირჩა გიორგი ცირიკიძე, საუკეთესო შედეგი კი კიდევ ერთმა ამერიკელმა ახალწვეულმა, ზაკ სელიასმა დააფიქსირა – 23 ქულა, 6 მოხსნა. ტიტებში 25 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ჯორდან რობერტსონი. 16 ქულა ისააკ ასრატის ანგარიშზეა.

ამ ჯგუფის მესამე გუნდი “ცხუმ-აფხაზეთია”, რომელიც ხვალ “ვერას” დაუპირისპირდება.

“გ” ჯგუფი – ოლიმპი vs რუსთავი 95:78 (სტატისტიკა)

დავით როგავას გაწვრთნილი “ოლიმპი” როგორც დუდუ დადიანის მემორიალის, ისე მთლიანად სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. ამ გუნდში ლეგიონერებისა და ადგილობრივი როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა კალათბურთელების კარგი ბალანსია. ოლიმპელები ინარჩუნებენ რამდენიმე წამყვან ქართველ მოთამაშესა და ლეგიონერს, რაც გუნდის წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

ოლიმპმა უშანსოდ დაამარცხა წინა სეზონის სუპერლიგის ჩემპიონი “რუსთავი”, რომელსაც საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა ვერაფერი მოუხერხეს დაბალანსებულად მოთამაშე ოლიმპელებს. პირველი პერიოდი თბილისურმა გუნდმა 32:17 მოიგო, რის შემდეგაც ლიდერობას მთელი თამაშის განმავლობაში ინარჩუნებდა.

გამარჯვებულთაგან ახალგაზრდა ლუკა კალატოზიშვილი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 17 ქულა და 7 მოხსნა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა, “ვერადან” გადმოსულმა გივი ბაქრაძემ კი ოლიმპელებს 12 ქულა და 8 პასი შესძინა. რუსთაველთაგან 26 ქულით საუკეთესო იყო კრისტიან კილინგი, 18 ქულა რიკი პრაისმა დააგროვა.

ამ ჯგუფის მესამე წევრი თსუ გათამაშებაში ხვალ, “რუსთავთან” დაპირისპირებით ჩაერთვება.