„დილა“ „შუქურასთან“ განადგურდა, „დინამომ“ ისევ ვერ მოიგო

0
6

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის დადგომამდე 28-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქობულეთის „შუქურამ“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი გორის „დილა“ ფოთში სტადიონ „ფაზისზე“ მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან შეტევუს დროს ზურაბ მუსელიანმა მეტოქის საჯარიმოში მიშიკო სარდალიშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:0.

„შუქურამ“ თავისი უპირატესობა მე-10 წუთზე გაზარდა, როცა გორელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ირაკლი კომახიძემ ბურთი ჩააწოდა და მუსელიანმა გაიტანა – 2:3.

51-ე წუთზე, მარცხენა ფრთაზე ქობულეთელების იერიში ჯეფერსონ ჯერალდომ განავითარა და დროულად მოამარაგა პასით კომახიძე, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 3:0.

მე-60 წუთზე, ბრაზილიელმა ალეფ სანტოსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

მე-80 წუთზე, ბრაზილიელი ჟუნინიო კაბრალის გადაცემის მერე ლევან ინგოროყვამ ბურთი დაამუშავა, ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და საბოლოო წერტილი დასვა – 4:0.

გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილმა „შუქურამ“ 6-მატჩიანი (4 წაგება და 2 ფრე) მოუგებელის სერიის შემდეგ, პირველად გაიმარჯვა და 25 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს დამძღვრილი „დილა“ 44 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო და წინა ტურის მსგავსად ისევ 2:2 ითამაშა.

კახა ცხადაძის გუნდი ამჯერად წყალტუბოში ადგილობრივ „სამგურალს“ დაუპირისპირდა და მასპინძლებიდან მე-2 წუთზე ანგარიში პენალტიდან სერგო კუხიანიძემ გახსნა.

მე-12 წუთზე, ლევან ხარაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და დავით სხირტლაძემ თავით ანგარიში გაათანაბრა.

29-ე წუთზე, ხარაბაძემ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა და განელმა ოსეი ბარნსმა თავური დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

72-ე წუთზე, თბილისელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა დავით კირკიტაძემ მოიგო და ბურთი ნიკა კალანდარიშვილს მიუვიდა, რომელმაც „ცაციათი“ შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

„დინამო“ 53 ქულით სატურნირო ცხრილში მეორეა, „სამგურალი“ კი 36 ქულით მეექვსეა.

„თელავი“ „სამტრედიას“ ესტუმრა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. მე-16 წუთზე, ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი „ცოცხალ კედელში“ მდგომ გიორგი ახალაძეს შეეხო და კარში აღმოჩნდა.

34-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან გიორგი ჯანელიძემ კუთხური ჩააწოდა და მასპინძლების მეკარე ლუკა სანიკიძემ გამოსვლაზე შეცდა, ხოლო ანტონ თოლორდავამ თავით ბურთი კარში გადაგზავნა.

„თელავი“ 29 ქულით მე-7 პოზიციაზეა, ხოლო „სამტრედია“ 16 ქულით ბოლოა.