სიჭინავას გადამწყვეტი საგოლე პასი და გამარჯვება წიტაიშვილთან

0
2

კოვალივკას „კოლოსმა“, რომელშიც ნიკა სიჭინავა გამოდის, უკრაინის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში შინ ოდესის „ჩერნომორეცს“ აჯობა, სადაც ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ.

მასპინძლები მე-15 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 29-ე წუთზე გაიტანეს.

სიჭინავა თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და ერთ წუთში საგოლე პასი ოლივეირას გაუკეთა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და მასპინძლებს 3 ქულა მოუტანა. „ჩერნომორეცში“ საქართველოს ნაკრების გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო თადარიგში მყოფ ბექა ვაჩიბერაძეს თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს.

„კოლოსი“ 11 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა, ხოლო „ჩერნომორეცი“ 6 ქულით მეთოთხმეტეა.

უნგრეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში „უიპეშტი“ თავის მოედანზე „დიორმოტთან“ 1:3 წააგო. თავდამსხმელი გიორგი ბერიძე მასპინძლების სასტარტოში იყო და 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 74-ეზე შეცვალეს.