ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ფიფას ონლაინ სამიტში მონაწილეობა მიიღეს

0
2

ფიფას ორგანიზებით ონლაინ სამიტი გაიმართა, რომელშიც სხვა წევრი ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მიიღეს.

სამიტის ფარგლებში მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მონაწილეებს მომავლის ფეხბურთის განვითარების კონცეფცია წარუდგინა.

​ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა და ქალთა ფეხბურთის განვითარების მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯილ ელისმა წევრ ასოციაციებს სანაკრებო და ახალგაზრდული ტურნირების ახალი კალენდრის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინეს.

​ონლაინ სამიტის ფარგლებში ასევე აღინიშნა, რომ არსებული საერთაშორისო სანაკრებო კალენდარი 2023-2024 წლამდეა გათვლილი.

საერთაშორისო ფეხბურთში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ პირველ მოხსენებას მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო მიმდინარე წლის ნოემბერში წარმოადგენს.